ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ დამებადა ამ პროექტის შექმნის იდეა, როგორ იქმნებოდა ის და როგორ მოვიდა დღევანდელ ფორმამდე, თუმცა მანამდე მცირე ისტორიას გავიხსენებ
ჯერ კიდევ შორეულ 2007 წელს, როცა ჩემი უფროსი შვილები 12 და 9 წლისანი იყვნენ, მე დავინახე, რომ ისინი რაღაც ონლაინ თამაშებს თამაშობდნენ. თამაშები ისეთი დონის იყო, რომ საუკეთესო შემთხვევაში მათ უბრალოდ დროს დააკარგვინებდა. როდესაც ინტერნეტში დავიწყე ძებნა, ქართული შემეცნებითი თამაშები ფიზიკურად ვერ ვნახე. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ შექმნილიყო თამაშები, რომლებიც გართობასთან ერთად ბავშვს საჭირო ცოდნასაც მისცემდა. ასე დაიბადა პროექტი „თამაში ვიქტორინა“, რომელიც ცნობილ ზღაპრის გმირებზე შექმნილ ახალ ისტორიებს გახმოვანებული კომიქსების სახით წარმოადგენდა. ყოველი ისტორიის დასრულება ბავშვს თავად შეეძლო, რისთვისაც შემეცნებითი ფლეშ–თამაშები უნდა აერჩია და სკოლის პროგრამიდან შერჩეული კითხვებისთვის გაეცა პასუხები. მინდა გავიხსენო შესანიშნავი მხატვარ–მულტიპლიკატორი ზურაბ მარხვაშვილი, ვისთან ერთადაც ეს პროექტი განხორციელდა. პროექტი „თამაში ვიქტორინა“ განთავსდა საიტზე codna.ge და მან იმავე წელს ჩატარებულ ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში
„საბავშვო რესურსები“.
იმ პერიოდში აგრეთვე გაკეთდა 5 გახმოვანებული ზღაპარი, ისინი საიტზეა წარმოდგენილი იხილეთ ბმული. რაღაც პერიოდი კიდევ მქონდა მცდელობები, მაგრამ ისევ უშედეგოდ და იმედგაცრუებულმა ამ საქმეს საერთოდ თავი დავანებე.
ცოდნის მხიარული სამყარო
2018 წელს, როცა ჩემი უმცროსი შვილი, ირაკლი 4 წლის იყო, დავინახე, რომ სხვადასხვა შემეცნებითი ანიმაცია, სიმღერა თუ გადაცემა მის განვითარებაზე ძალიან პოზიტიურად მოქმდებდა, მხოლოდ ეს უცხოენოვან რესურსს წარმოადგენდა და ქართულთან დაკავშირებით იგივე პრობლემა იდგა–ის ფაქტობრივად არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ 11 წლის განმავლობაში რაიმე ფასეული არც არაფერი შექმნილა და სწორედ მაშინ გაბრაზებულმა ჩემს თავს ვუთხარი, რომ „შენ ამ საქმეს ისევ უნდა დაუბრუნდე“. ასე დაიბადა ახალი პროექტის შექმნის იდეა, რომელსაც სახელად „ცოდნის მხიარული სამყარო“ დავარქვი. ამ პროექტში მინდოდა, რომ ბავშვებს საჭირო ცოდნა სიმღერებით, ანიმაციებითა და ონლაინ–თამაშებით მიეღოთ. ასევე მსურდა, რომ პროექტს გადაცემის ფორმატი ჰქონოდა, სადაც წამყვანი და ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟები პატარებს სახალისო ფორმით საჭირო ინფორმაციას მიაწოდებენ.
პროექტის განხორციელება
პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ პროექტი ანბანის შესწავლით დამეწყო. ქართული ანბანის ყოველ ასოზე სიმღერა დავწერე და გადაცემის პერსონაჟებიც მხიარული ბეჰემოტები ბეგო და ბეგი მოვიფიქრე. მათი ვიზუალური მხარე ცნობილმა მხატვარმა და ჩვენი გუნდის წევრმა ზალიკო სულაკაურმა შექმნა და თბილისის თოჯინების თეატრში მათი თოჯინებიც დაგვიმზადეს. პროექტის მთავარი სიმღერაც შეიქმნა. ყველა სიმღერის არანჟირებას ცნობილი მუსიკოსი და ჩვენი გუნდის წევრი გია მაჭარაშვილი ახდენს. პროექტის იგვლივ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაერთიანდა და გადაცემის პირველი ვარიანტიც ჩავწერეთ.
პროექტის განხორციელება სპეციალურ გადასაღებ ადგილს, გადასაღებად საჭირო აპარატურის ქირაობას, ანიმაციების შესაქმნელად საკმაოდ დიდ რესურსებსა და დროს მოითხოვდა, ხოლო ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და ჩანდა, რომ ამ პროექტსაც განხორციელება არ ეწერა. მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი...
პროექტის ახალი ვარიანტი
იმისთვის, რომ პროექტი საკუთარი ძალებით გამეკეთებინა, საჭირო იყო ხარჯები მნიშვნელოვნად შემემცირებინა. რისთვისაც გადავწყვიტე, რომ საკუთარი 11 კვადრატული ოფისი სტუდიად გადამეკეთებინა და ვიდეო გადაღებისა და ხმის ჩაწერისთვის საჭირო აპარატურა შემეძინა. გარკვეული თანხის მობილიზება ამ იდეის განხორციელების საშუალებას მომცემდა. 2019 წელს დიასპორის ფორუმი ჩატარდა, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. ფორუმზე საკუთარი პროქტის პრეზენტაციის საშუალება მომეცა. საბედნიეროდ, პროექტმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო და გამოითქვა აზრი, რომ ასეთი ტიპის პროექტი ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს ჰაერივით სჭირდება. ერთ–ერთმა მონაწილე ემიგრანტმა სურვილიც გამოთქვა, რომ ამ პროექტს დაეხმარებოდა. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ რამდენიმე ემიგრანტიც გამოჩდა და საბოლოოდ საჭირო თანხა 3200 დოლარიც შეგროვდა (იხილეთ ქართველი ემგრანტები), რამაც საშუალება მომცა, რომ 11 კვადრატული ოფისი საკუთარი ხელით და ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის ირაკლი ზიბზიბაძის (ზიბოს) დახმარებით სტუდიად გადამეკეთებინა და გადაცემის გადასაღებად საჭირო აპარატურაც შემეძინა. ამავე დროს, მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა შემომთავაზა იდეა, რომ ანიმაციები განსხვავებული ფორმით შეგვექმნა, რაც გაცილებით ნაკლებ დროსა და ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება იყო ის, რომ პროექტში ოპერატორობა, ხმის ჩაწერა, მონტაჟი და ბეგოს მეთოჯინეობაც ჩემს თავზე ავიღე.
და ბოლოს, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ადამიანი, ვის გამოც ეს პროექტი შეიქმნა დღეს უკვე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. 8 წლის ირაკლიმ პროგრამა „scratch“-ით საიტზე წარმოდგენილი თამაშები შექმნა.
მადლობა
დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ პროექტს დახმარება გაუწია: მუსიკოსი–ირაკლი ზიბზიბაძე (ზიბო), პედაგოგები: ნინო გორდელაძე, ანი კუდუხაშვილი, ნინო ბურდული, თათუკა ლომაძე და თიკო სოზიაშვილი. მსახიობი– გიორგი მეძმარიაშვილი, პროგრამისტები: ოვანეს ცაცურიანი და ზაზა ოზიაშვილი.
პროექტის ავტორი – ვახტანგ ჯინჯიხაძე