პროექტის მიზანია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გრამატიკა ხალისით და მარტივად აითვისონ და გაიცნობიერონ. ეს სწორედ ის ასაკია, როცა მოსწავლის გონება გრამატიკული საკითხების ათვისებას შეძლებს და ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებს. შესაბამისად, თავიდანვე აღმოიფხვრება მოსალოდნელი შეცდომები წერასა თუ მეტყველებაში. ამავე დროს, მე-3 კლასიდან უცხო ენების შესწავლის პერიოდი იწყება და შესაბამისი საგნის პედაგოგი ამ პროექტში არსებულ მასალაზე დაყრდნობით უფრო ადვილად შეძლებს უცხო ენის გრამატიკის მოსწავლეებისთვის ახსნას. ბოლოს გვინდა დავამატოთ, რომ „სახალისო გრამატიკა“ დიდ სიკეთეს მოუტანს საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებს.
5-წუთიან გადაცემებში მხიარული პერსონაჟები ბეგო და ბეგი ბავშვებს ილუსტრაციების დახმარებით ქართული ენის გრამატიკის საკითხებს შეასწავლიან, ხოლო გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად მათ სახალისო ინტერაქტიული ონლაინ-თამაშები ელოდებათ.
იხილეთ პროექტის პირველი სამი გადაცემა და თამაში:
პროექტი ქალბატონი ნინო გორდელაძის (ფილოლოგი, დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის კომსულტანტი) წიგნის „საუბრები და სავარჯიშოები მესამეკლასელთათვის“ მიხედვით მზადდება, რაც მნიშვნელოვანია, პროექტს კონსულტირებასაც თავად ქალბატონი ნინო უწევს.
პროექტისთვის 15 გადაცემა და ონლაინ-თამაში შეიქმნება.