ცოდნის მხიარული სამყარო

ეს არის სივრცე, სადაც განათლება ბავშვებისთვის იქცევა თავგადასავლად,
ცოდნა – ხალისად, ხოლო სწავლა – ცხოვრებისეულ გამოცდილებად.

ჩვენი მიზანია:

ბავშვებს ცოდნისადმი სიყვარული გავუღვიძოთ და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დავეხმაროთ,
რისთვისაც ჩვენ ვაერთიანებთ:

ნოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებს – სწავლება ხდება ინტერაქტიული თამაშებით, ისტორიებით და ვიდეოებით;

კულტურულ და ენობრივ მემკვიდრეობას: ვეხმარებით ბავშვებს, უკეთ შეისწავლონ ქართული ენა და კულტურა, განსაკუთრებით კი ვეხმარებით ემიგრანტ ბავშვებს – სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში;

თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს – რათა სწავლა იყოს ეფექტური, თანამედროვე, საინტერესო და მიმზიდველი.

ჩვენი ღირებულებები ექვს ძირითად პრინციპს ემყარება:

ბავშვზე სრული ფოკუსირება
თითოეული პროექტი ნორჩი მომხმარებლის ინტერესების, ემოციების და განვითარების ეტაპების გათვალისწინებით იქმნება.

შემოქმედება და ინოვაცია
საჭირო ცოდნის მიღების გარდა, ბავშვმა უნდა ისწავლოს აზროვნება, შემოქმედებითობა და პრობლემის
გადაჭრა;

ინკლუზიურობა და თანასწორობა
ყველა ბავშვი, მიუხედავად ადგილსამყოფელისა თუ სოციალური ფონისა, იმსახურებს ხარისხიან
განათლებას;

მშობლებთან პარტნიორობა
ოჯახური ღირებულებების მხარდაჭერა ჩვენი პროექტების განუყოფელი ნაწილია;

ქართული კულტურის სიყვარული
ჩვენს ენას, ტრადიციებსა და ისტორიას თანამედროვე ფორმატში წარმოვაჩენთ, რათა ბავშვებმა ისინი სიამოვნებით მიიღონ;

პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე
ჩვენ ვზრუნავთ იმ თაობის აღზრდაზე, რომელიც შეძლებს უკეთესი საზოგადოების შექმნას.
 

ჩვენი ისტორია
ჯერ კიდევ შორეულ 2007 წელს, როცა ჩემი უფროსი შვილები 12 და 9 წლისანი იყვნენ, მე დავინახე, რომ ისინი რაღაც ონლაინ თამაშებს თამაშობდნენ.  თამაშები ისეთი დონის იყო, რომ საუკეთესო შემთხვევაში მათ უბრალოდ დროს დააკარგვინებდა. როდესაც ინტერნეტში დავიწყე ძებნა, ქართული შემეცნებითი თამაშები ფიზიკურად ვერ ვნახე. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ შექმნილიყო თამაშები, რომლებიც გართობასთან ერთად ბავშვს საჭირო ცოდნასაც მისცემდა. ასე დაიბადა პროექტი „თამაში ვიქტორინა“, რომელიც ცნობილ ზღაპრის გმირებზე შექმნილ ახალ ისტორიებს გახმოვანებული კომიქსების სახით წარმოადგენდა. ყოველი ისტორიის  დასრულება ბავშვს თავად შეეძლო,  რისთვისაც შემეცნებითი ფლეშ–თამაშები უნდა აერჩია და სკოლის პროგრამიდან შერჩეული კითხვებისთვის გაეცა პასუხები. მინდა გავიხსენო შესანიშნავი მხატვარ–მულტიპლიკატორი ზურაბ მარხვაშვილი, ვისთან ერთადაც ეს პროექტი განხორციელდა. პროექტი „თამაში ვიქტორინა“ განთავსდა საიტზე codna.ge და მან იმავე წელს ჩატარებულ ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საბავშვო რესურსები“.

  

ახლაც და მაშინაც  მე ვაცნობიერებდი, რომ ასეთი ტიპის პროექტის განხორციელებას, რომელიც ბავშვის ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზეა ორიენტირებული ძალიან ფაქიზი და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა. ამიტომაც კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნიე, რომ პროექტს კომერციული სახე მიეღო და მასში სარეკლამო ელემენტები  გამოყენებულიყო. მაშინ ისმის კითხვა, რა რესურსებით უნდა განხორციელებულიყო და განვითარებულიყო ასეთი ტიპის პროექტი?  „თამაში ვიქტორინის“  გარდა მე შემეცნებითი თამაშების ბევრი სხვა იდეაც მქონდა.   პასუხი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაში მოვძებნე. რათა საბავშვო „არაფორმალური განათლება“ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულიყო და ბავშვებისთვის შემეცნებით–გასართობი პროექტების შექმნა სახელმწიფო უწყებების დახმარებით მომხდარიყო.

სახელმწიფო უწყებებთან არაერთი მცდელობის მიუხედავად მე მიზანს ვერ მივაღწიე. იმ დროისათვის CODNA.GE-ზე უკვე შექმნილი იყო 35 ისტორია და თამაში.  სამწუხაროდ „თამაში ვიქტორინა“ „flash“-ის პროგრამით იყო შექმნილი და დღეს მისი საიტზე ნახვა შეუძლებელია (პროგრამამ რამდენიმე წლის წინ ფუნქციონირება შეწყვიტა) იმ პერიოდში აგრეთვე  გაკეთდა 5 გახმოვანებული ზღაპარი, ისინი საიტზეა წარმოდგენილი იხილეთ ბმული.
საბოლოოდ 2008 წელს იმედგაცრუებულმა  ამ საქმეს საერთოდ თავი დავანებე.

ცოდნის მხიარული სამყარო
2018 წელს, როცა ჩემი უმცროსი შვილი, ირაკლი 4 წლის იყო, დავინახე, რომ სხვადასხვა შემეცნებითი ანიმაცია, სიმღერა თუ გადაცემა მის განვითარებაზე ძალიან პოზიტიურად მოქმდებდა, მხოლოდ ეს უცხოენოვან რესურსს წარმოადგენდა და ქართულთან დაკავშირებით იგივე პრობლემა იდგა–ის ფაქტობრივად არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ 10 წლის განმავლობაში რაიმე ფასეული არც არაფერი შექმნილა და სწორედ მაშინ გაბრაზებულმა ჩემს თავს ვუთხარი, რომ „შენ ამ საქმეს ისევ უნდა დაუბრუნდე“.  ასე დაიბადა ახალი პროექტის შექმნის იდეა, რომელსაც სახელად „ცოდნის მხიარული სამყარო“ დავარქვი.  ამ პროექტში მინდოდა, რომ ბავშვებს საჭირო ცოდნა სიმღერებით, ანიმაციებითა და ონლაინ–თამაშებით მიეღოთ. ასევე მსურდა, რომ პროექტს გადაცემის ფორმატი ჰქონოდა, სადაც წამყვანი და ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟები პატარებს სახალისო ფორმით საჭირო ინფორმაციას მიაწოდებენ.

პროექტის განხორციელება
პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ პროექტი ანბანის შესწავლით დამეწყო. ქართული ანბანის ყოველ ასოზე სიმღერა დავწერე და გადაცემის პერსონაჟებიც მხიარული ბეჰემოტები ბეგო და ბეგი მოვიფიქრე და გადაცემებისთვის სცენარებიც დავწერე. პერსონაჟების  ვიზუალური მხარე ცნობილმა მხატვარმა  ზალიკო სულაკაურმა შექმნა და თბილისის თოჯინების თეატრში მათი თოჯინებიც დაგვიმზადეს.  პროექტის მთავარი სიმღერაც შეიქმნა.  ყველა ჩემი სიმღერის არანჟირება ცნობილ მუსიკოსს გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. პროექტის იგვლივ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაერთიანდა.
იმისთვის, რომ პროექტი საკუთარი ძალებით გამეკეთებინა, ოპერატორობა, ხმის ჩაწერა, მონტაჟი და ბეგოს მეთოჯინეობაც ჩემს თავზე ავიღე. ამავე დროს,  მცირე ზომის 11 მ² ზომის ოფისი სტუდიად გადავაკეთე. ამ ყველაფერმა პროეტის რეალიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსები საგრძნობლად შეამცირა.
საბოლოო ჯამში, პროექტი სრულად საკუთარი ფინანსური რესურსებით განვახორციელე. ასე დაიბადა „ცოდნის მხიარული სამყაროს“ პროექტი „მხიარული ანბანი“

პროექტმა საბოლოო ვერსიამდე საკმაოდ დიდი გზა გაიარა და ბევრი ექსპერიმენტული ვარიანტი შეიქმნა:
2019 წელს პროექტის პირველი ვერსია გადავიღეთ. გადაცემის წამყვანი იყო თათუკა ლომაძე, რომელიც დღეს საკუთარ წარმატებულ ბიზნესს უძღვება. გადაცემის შექმნაში მონაწილეობდნენ: პედაგოგი თიკა სოზიაშვილი, მხატვარ-ანიმატორი ნიკა კემულარია (კემო) და პროგრამისტი ზაზა ოზიაშვილი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მსახიობ გიორგი მეძმარიაშვილს, რომელიც გადაცემაში ბეგოს მეთოჯინედ გვევლინებოდა. გიორგის ამერიკაში გამგზავრების შემდეგ ეს ფუნქცია მე ჩემს თავზე ავიღე.   იხილეთ გადაცემა

2020 წელს რამდენიმე ქართველი ემიგრანტის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად პროექტი “ცოდნის მხიარული სამყაროს” კიდევ ახალი ვარიანტი სამი გადაცემის სახით შეიქმნა. მინდა ეს ადამიანები წარმოგიდგინოთ:
ისრაელში არსებული ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი და ქართული საკვირაო სკოლა „მამულის“ დამფუძნებლი ირაკლი კილაძე (იხილეთ ფოტო), ამ ადამიანის დახმარებით პირველი გადაცემა გადავიღეთ. იხილეთ ვიდეო
თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ქველმოქმედი  სოფო ბოლქვაძე (იხილეთ ფოტო), მისი ხელშეწყობით მეორე გადაცემა შეიქმნა. იხილეთ ვიდეო
და ბოლოს,  გერმანიაში არსებული ორგანიზაცია “პატრიოტი დიასპორელის” ხელმძღვანელი ნინო ციბაძე (იხილეთ ფოტო) და ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ხემძღვანელი და ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”  პრეზიდენტი თიკა სვანიძე–ვენკო (იხილეთ ფოტო),  მათი დახმარებით მესამე გადაცემა გადავიღეთ. იხილეთ ვიდეო

2021 წელს პედაგოგ ანი კუდუხაშვილთან ერთად “ცოდნის მხიარული სამყაროს” კიდევ სამი ახალი გადაცემის ვარიანტი შეიქმნა:  იხილეთ: პირველი ვიდეო, მეორე ვიდეო და მესამე ვიდეო.

ამ ყველაფრის შემდეგ, 2022 წლიდან გუნდთან ერთად იხილეთ ბმული უკვე პროექტის საბოლოო ვერსიაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც თითქმის 2 წელი გაგრძელდა. ასე დაიბადა პროექტი “მხიარული ანბანი

მინდა ყველა ის ადამიანი გავიხსენო რომელმაც პროექტ „ხიარულ ანბანს დახმარება გაუწია: მუსიკოსი–ირაკლი ზიბზიბაძე (ზიბო),  ფილოლოგი ნინო გორდელაძე და პედაგოგი ნინო ბურდული.  პროგრამისტები: ვლადიმერ გორგოშიძე და ოვანეს ცაცურიანი

პროექტების ავტორი  –  ვახტანგ ჯინჯიხაძე