• კეთილი იყოს თქვენი მობრძანება CODNA.GE-ს სამყაროში!

    2007 წელს, როდესაც CODNA.GE შეიქმნა,  ჩემი სურვილი იყო, რომ ბავშვებს თამაშითა და გართობით მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. პროექტი იმავე წლის ეროვნული ინტერნეტ კონკურსის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საბავშვო რესურსები“. 2010 წლიდან მოყოლებული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პროექტმა პირველადი სახე დაკარგა.

    წლების შემდეგ, ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მე მის განვითარებას ისევ ვუბრუნდები, მხოლოდ ერთის დამატებით-CODNA.GE მშობლებსა და ოჯახზეც იქნება ორიენტირებული, რადგან ბედნიერი ბავშვი მხოლოდ ბედნიერ  ოჯახში იზრდება, სადაც სიყვარული და  ურთიერთპატივისცემა ოჯახის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამას ვერც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ შეცვლის.

    უდაო, რომ საქართველოში ბავშვის კულტი არსებობს და მშობლების შვილებისადმი სიყვარული უსაზღვროა! მაგრამ ხშირად ეს რაციონალურ ჩარჩოებს სცილდება და იმის ნაცვლად, რომ მშობელმა თანამედროვე რთული სამყაროსათვის ადაპტირებული და ძლიერი პიროვნება გაზარდოს, განებივრებულ და ამ ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზადებელ არსებას აყალიბებს. მშობელი ამას შეგნეულად როდი აკეთებს, უბრალოდ მას საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია.

    მე მწამს, რომ ძლიერი სახელმწიფოს მთავარ საყრდენს ჯანსაღი ოჯახი წარმოადგენს, ამიტომ ჩემთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია.

    ჩემი სურვილია, რომ ამ პროექტმა, ერთის მხრივ, ბავშვის  სულიერ და გონებრივ განვითარებას შეუწყოს ხელი და მეორეს მხრივ, მშობლებს პატარების გაგება და მათ სამყაროში შეღწევა გაუმარტივოს.

    პროექტის ავტორი და
    ეროვნული ინტერნეტის განვითარების საზოგადოების პრეზიდენტი
    ვახტანგ ჯინჯიხაძე