ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

ხშირად მომისმენია მშობლებისგან, რომ მათი შვილი განსაკუთრებული სიმღერის ნიჭით არის დაჯილდოვებული, ფანტასტიურად ცეკვავს ან რომელიმე ინსტრუმენტზე არაჩვეულებრივად უკრავს, სინამდვილეში, საუკეთესო შემთხვევაში, ეს ყველაფერი საშუალო დონეს არ სცილდება….

რატომ აქვს ბევრ მშობელს შვილის მონაცემების ასეთი გადამეტებული შეფასება და რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი ბავშვს? ამ საკითზე ცნობილ მუსიკოსსა და სიმღერების ავტორს გია მაჭარაშვილს ვესაუბრე.
 

რატომ ხდება ხშირად, რომ ბავშვი, რომელსაც არანაირი მუსიკალური მონაცემები არ გააჩნია, მშობელს მაინც მუსიკალურ სტუდიაში ან კერძო პედაგოგთან დაჰყავს?


ჩემი
აზრით, ალბათ ერთ-ერთი მიზეზია კუდაბზიკობა, ჩვენს ქვეყანაში ბევრ მშობელს უნდა თავისი შვილი ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყოს. ზოგიერთ მშობელს კი მართლა სჯერა, რომ მისი შვილი ნიჭიერია. თუ ბავშვი ოჯახურ გარემოში წაიღიღინებს რაღაც მელოდიას, მშობელიც ამას უცებ აიტაცებს და როგორც კი საშუალება მიეცემა მუსიკის ან ვოკალის პედაგოგთან მიჰყავს და ბოლოს, მშობელი ფიქრობს  ჩემი შვილი ჯერ დიდი ნიჭით არ გამოირჩევა, მაგრამ  დროთა განმავლობაში იქნებ ის განუვითარდეს, ასეთი რამ იშვიათად ხდება. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო- ჩვენმა საყვარელმა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა 14-15 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა, ამან  უცებ ვულკანივით ამოხეთქა მასში, ოჯახს კი სულ სხვა გეგმები გააჩნდა. მერაბი მაშინ სპორტით იყო დაკავებული. როგორც ხედავთ,  გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული. მე 4 წლის მანძილზე ერთ საბავშვო სტუდიაში მუსიკალურ ხელმძღვანელად ვმუშაობდი. ე.ი. ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება მაქვს. გულახდილად გეტყვით, ამ ბავშვების 15-20 პროცენტს ჰქონდათ რეალური მონაცემები, რომ კარგ მომღერლებად ჩამოყალიბებულიყვნენ. საინტერესოა რომ, ამ ბავშვების უმეტესობამ, რომლებსაც რეალური მონაცემები გააჩნდათ, რამდენიმე წლის შემდეგ აღარ მოინდომეს მუსიკას გაყოლოდნენ. ალბათ საამისოდ საკმარისი სურვილი არ ჰქონდათ.
 

მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ბავშვმა მუსიკალურ სტუდიაში იაროს, თუნდაც ამან წარმატება არ მოუტანოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბავშვებთან ურთიერთობას მიეჩვევა და მუსიკითაც იქნება დაკავებული. პრობლემა მშობლების დამოკიდებულებაშია, როდესაც ისინი ბავშვს დიდ მოთხოვნებს უყენებენ და მისი სურვილის მიუხედავად აიძულებენ, რომ გინდა თუ არა ამ სფეროში წარმატებული იყოს. ბავშვი ხომ კერძო საკუთრება არ არის, მას საკუთარი სურვილები და მისწრაფებები გააჩნია და  მშობელმა ეს უნდა იცოდეს. პირველ რიგში იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ შვილი ბედნიერი იყოს, ხოლო თუ მაგალითად სპორტი იქნება მისთვის უფრო მისაღები, მის სურვილს უნდა დავემორჩილოთ.

ხომ არ სცოდავს ბევრი სტუდია და პედაგოგი ფინანსური დაინტერესების გამო მშობელს რეალურ სურათს რომ უმალავენ?

სამწუხაროდ ასეა. ჩემი აზრით, 6-7 წლამდე ბავშვის მუსიკით სერიოზული დაკავება არ შეიძლება.  

ის ჯერ პატარაა და მან ბავშვობის პერიოდი უნდა იგრძნოს და გაიაროს.  დღეს ლამისაა ჩვილი ბავშვი მიიყვანონ მუსიკაზე და ბევრი სტუდია და პედაგოგი ამას არ ეწინააღმდეგება. მეტსაც გეტყვით, ბავშვის დროზე ადრე მუსიკით დაკავებამ შეიძლება მას ამ სფეროში წარმატების მიღწევაშიც კი შეუშალოს ხელი.  ეს დაღვინების პროცესს ჰგავს, ყველაფერმა თავისი ეტაპები უნდა გაიაროს. იშვიათად გამონაკლისებიც გვხვდება, თამრიკო ჭოხონელიძის შვილიშვილის მაგალითზე, რომელიც 2-3 წლის ასაკში საოცრად კარგად მღეროდა და წარმოუდგენელი შრომისუნარიანობითაც გამოირჩეოდა, მხოლოდ ვიმეორებ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება...
საბავშვო სტუდიაში მუშაობის დროს ხშირად კომიკური სიტუაციები იქმნებოდა, როცა რეპეტიციის დროს პატარა ბავშვი ატირებულა და მშობელი, ბებია ან ბაბუა შემოსულა და ბავშვი სატყუარათი დაუწყნარებიათ ან თან წამოღებული საჭმელი შეუთავაზებიათ, ეს ხომ ნორმალური არ არის.  დავამატებდი, რომ სანამ მშობელი ბავშვის მუსიკაზე მიყვანას გადაწყვეტს, ელემენტარულად სპეციალისტის აზრი მაინც მოისმინოს, მხოლოდ იმისი მტკიცება, რომ შვილი გადასარევად მღერის ან მუსიკალური ნიჭით არის დაჯილდოვებული, საკმარისი არ არის.

ზოგიერთი მშობელი დაჟინებით ითხოვს ბავშვისგან, რომ ის წარმატებული მუსიკოსი გახდეს, რადგან საკუთარ ჭეშმარიტებაშია დარწმუნებული, რა საფრთხეს უქმნის ეს ბავშვს?

პირველ რიგში, შვილს როდესაც ნებისმიერ გადამეტებულ მოთხოვნებს ვუყენებთ, იგი ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის, განსაკუთრებით როცა ეს მუსიკას ეხება, რომელიც ძალიან სპეციფიურია. ბავშვს სჯერა მშობლის, ხშირად ხათრსაც ვერ უტეხს და საკუთარ თავსაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა რეალობა სრულიად განსხვევებული აღმოჩნდება, მას იმედები გაუცრუვდება, რაც მის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში შეუშლის ხელს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში მშობელს უნდა ესმოდეს შვილის, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ვახტანგ ჯინჯიხაძე

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

image

განათლების 10 დამახასიათებელი ნიშანი, რამაც იაპონია ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყნად აქცია.

image

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

image

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

image

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image