სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

ფოტოგრაფია ბავშვობიდან ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, უნიკალური მომენტების, ადამიანთა ემოციებისა თუ უბრალოდ ლამაზი ადგილების გადაღებით შენ დროის რაღაც იდუმალ მონაკვეთს აფიქსირებ და იგი უსასრულობის განზომილებაში გადადის….
ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ არსებობს ძალიან წარმატებული ქართველი ფოტოგრაფი მზია ლეკვეიშვილი. მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებზე წარდგენილმა მისმა ნამუშევრებმა უკვე 7 ოქროს მედალი დაიმსახურა.

მზია ძალიან მორიდებულია და საკუთარ წარმატებებზე საუბარი არ უყვარს. უბრალოდ აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.


რისი გადაღება გიყვართ ყველაზე მეტად?

ადამიანების, მათი გულწრფელი ემოციების, ამიტომაც ბავშვების გადაღება განსაკუთრებით მიყვარს, ისინი კამერის წინ უფროსებისგან განსხვავებით არ თამაშობენ

და ძალიან ალალები არიან.
 

იგივე არის სოფლებშიც, როცა სურათს ვუღებ, ყველასგან დადებითი ემოციები მოდის.
 

ზოგიერთი როცა ამჩნევს, რომ უღებენ, საინტერესო რეაქციები აქვთ. ეს ფოტო ნავთლუღის ბაზრობაზე გადავიღე, გამყიდველმა როცა შემამჩნია, გიტარა ამოიღო და ლამაზი მელოდიის დაკვრა დაიწყო.

ცხოველების გადაღებაც ძალიან მიყვარს. სხვათაშორის მათგან აგრესია არასდროს მიგრძვნია. თან, რაც საინტერსოა, როცა ცხოველებს უღებ, ყურადღებას არ გაქცევენ, მაგრამ საკმარისია, რომ დაიხარო და დაბალი წერტილიდან დაიწყო გადაღება, ისინი ჩერდებიან და ყურადღებით გაკვირდებიან. ამ ფისოების მაგალითზე პოზიორობასაც იწყებენ.
 


უპირატესობას შავ-თეთრ სურათებს რატომ ანიჭებთ?

შავ-თეთრი სურათები მე საშუალებას მაძლევს ჩემთვის პრიორიტეტული ელემენტები გამოვყო, რაც მინდა, რომ პირველ რიგში დაგანახოთ. ფერადი სურათის გადაღების დროს კი,  თუ ქუჩაში შემთხვევით დანახული საინტერესო სიტუაციის გადაღება მინდა, საკმარისია, იქვე წითელპერანგიანმა ჩაიაროს, რომ მთელი აქცენტი მასზე გადავა და ის მთავარი მომენტებიც დაიკარგება. ამიტომაც აზერბაიჯანში გადაღებულმა შავ-თეთრმა სურათებმა საშუალება მომცა ჩემთვის მნიშვნელოვანი ელემენტები წარმომეჩინა.

მაგალითად, ამ სურათში აქცენტი ამ ბავშვების ხელებზე მინდოდა გამეკეთებინა, რომლებიც მამას საიმედოდ უკავია და დები დაცულად გრძნობენ თავს.
 

ან ამ შენობის განსაკუთრებული ხიბლი წარმომეჩინა.
 


ერთმა ჩემმა ახლობელმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა სურათი, სადაც ტრამპი და ბარაკ ობამა მეუღლეებთან ერთად არიან გადაღებულნი.  ტრამპი და მელანია ძალიან პირქუშად და მოწყენილად გამოიყურებიან, ხოლო ბარაკ ობამა თავის მეორე ნახევართან ერთად ბედნიერებას და სიხარულს ასხივებენ.  მე გავაკეთე კომენტარი, რომ ადამიანს თუ ჩაუსაფრდები, აუცილებლად დაიჭერ ისეთ მომენტს, როცა ის ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
 

გეთანხმებით.ამ შემთხვევაში ფოტოგრაფის აშკარა სიმპატიები ბარაკ ობამასაკენ იხრება. ანუ სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული; ერთი და იგივე სიტუაცია სხვადასხვა ფოტოგრაფმა განსხვავებულად შეიძლება აღბეჭდოს და მაგალითად  ქორწილში მხოლოდ მგლოვიარე სახეები დააფიქსიროს.
მე მიყვარს ადამიანები და ალბათ ამიტომაც ბოშა ბავშვები, რომლებიც ბევრისთვის უარყოფთ ემოციებს იწვევენ, ჩემს სურათებში განსხვავებულად არიან წარმოჩენილნი.
 

ფოტოს განწყობა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ გადაღების რა ფაზით უღებ ობიექტს. ამ სურათზე ჩემი ძაღლი ისე დავაფიქსირე, თითქოს ის ინდაურს გლოვობს.

 

გადაღების დროს სიტუაციას როგორ არჩევთ?

ხშირად ინტუიციურად ვგრძნობ, რომ რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს.
ერთხელ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი და აზერბაიჯანში სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებთან ერთად ვიყავი ჩასული. უცებ დავინახეთ ბავშვები, ყველა წინ გაიქცა და დაიწყეს მათი გადაღება, მე რატომღაც გვერდზე დავდექი და სურათი სხვა კუთხიდან გადავიღე. აღმოჩნდა, რომ უცებ კატამ გაიარა, ბავშვებმა მას შეხედეს და ასეთი სურათი გამოვიდა.

 

ერთხელ თუშეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი, სადაც იმ დროს სოფლის კრება იმართებოდა. იქ შეკრებილი ტურისტები ამ კრებაში მონაწილე ადამიანებს, ტაძარს და სოფლის ლამაზ ბუნებას აფიქსირებდნენ, უცებ თვალი მოვკარი იქაურ 3-4 წლის პატარა გოგონას, რომელსაც ხელში სარკე და პომადა ეკავა. ეტყობოდა, რომ დედისგან ჰქონდა ჩუმად აღებული. მე მას შეუმჩნევლად გავყევი. გოგონა ეზოში შევიდა და პომადით სახეს ითხუპნიდა, უცებ დავუძახე, გოგომ გამომხედა და რომ დამინახა, მაშინვე სარკე აიფარა სახეზე და ასეთი სურათი გამოვიდა.
 

ერთი ისტორიაც მინდა გავიხსენო, ერთ ჩემს მოსწავლესთან ერთად  სკვერში ვიმყოფებოდი და ფოტოგრაფიაში რაღაცეებს ვუხსნიდი. იქვე მოხუცი ქალი იჯდა და მტრედებს საკენკს უყრიდა. უცებ შევნიშნე, რომ შორიდან ქალი ბავშთან ერთად მოდიოდა. ჩემს მოსწავლეს ვუთხარი, რომ სწრაფად აპარატი მოემზადებინა, რადგან ბავშვი ჩიტების დანახვაზე მათკენ გაიქცევა,  მტრედები აფრინდებდნენ და მაგარი კადრი გამოვიდოდა-მართლაც ასე მოხდა.

თქვენი ნამუშევრებიდან რომელ სურათს გამოარჩევდით?

ჩემთვის დაუვიწყარი ემოციები იყო, როცა უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში ერთი გოგონა გადავიღე.
 
ის მოთხრობებს წერდა და მისი უმდიდრესი შინაგანი სამყარო და ძალა  მისი თითების დაფიქსირებით წარმოვაჩინე.
 
როგორც ვიცი, ეს გოგონა ახლა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია და იმედი მაქვს, თავის შემოქმედებას ისევ აგრძელებს.


თქვენს ყველაზე ცნობილ სურათზე “სადილად სმიტებთან” რას იტყოდით?


ეს სურათი საკმაოდ დიდი ხნის წინ მანგლისშია გადაღებული. ყველას ჰგონია, რომ ის მიუსაფართა სახლშია  დაფიქსირებული. სინამდვილეში აქ  ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეა აღბეჭდილი. ეს სახლი, სადაც ვისვენებდით, ისეთ მაღალ ადგილას იდგა, რომ წვიმაში მანქანები ვერ ამოდიოდნენ. იუბილარის მამას ტორტი უნდა ამოეტანა, მაგრამ წვიმის გამო ვერ მოახერხა ამოსვლა. ამიტომ ბავშვებმა იქვე ახლოს ბურბუშელა, ორცხობილა, საზამთრო და სხვ. იყიდეს და ასე აღნიშნეს დაბადების დღე.

 

რა არის თქვენი ოცნება, ყველაზე მეტად სად გინდათ რომ გადაიღოთ?

განსაკუთრებით კენიაში მინდა წასვლა. იქ ადგილებია, სადაც საოცრად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. კარგი იქნებოდა თუ 1-2 კვირით მაინც ჩავიდოდა, რათა ეს ადგილები კარგად შემესწავლა, თუმცა რამდენიმე საათითაც იქ ყოფნა ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნებოდა.

 

 

 

 

 

ვახტანგ ჯინჯიხაძე


ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

image

“განტევების ვაცი”, “კონკია”, “ოჯახის კერპი” და ბავშვების სხვა როლები

image

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

image

მერფის 11 კანონი, რომელიც ყველა მშობელს ალბათ ეცნობა

image

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

image

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

image