მშობელთა სკოლა

მშობელთა სკოლა

ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, ოჯახში არსებული გარემო, პრობლემების სწორად დანახვა და მათი გადაწყვეტა…  ეს და სხვა მრავალი ფაქტორი ბავშვის წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტებია...

როგორც გავიგე თბილისის ცენტრში არსებობს დავითიანნის მშობელთა სკოლა, სადაც 4 თებერვლიდან ორთვიანი კურსები ჩატარდება. სადაც მშობლები შვილებთან ურთიერთობის სწორ კომუნიკაციას და უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან, რაც ჯანსაღი და სრულყოფილი ოჯახის საწინდარია.

ამ საკითხთან დაკავშირებით დავითიანის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელ ქ-ნ. ნინო კერესელიძეს ვესაუბრე.

რას მისცემს მშობლებს ის ორთვიანი კურსი, რომელსაც თქვენთან გაივლიან?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ვისთვის არის ეს კურსი განკუთვნილი-ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა, რომ სრულყოფილი ოჯახი ჰყავდეს, სადაც გაზრდილი ბავშვი ბედნიერი, წარმატებული და საზოგადოებასთან ადაპტირებული იქნება.

ამიტომაც ჩვენთან ისეთებიც მოდიან, რომლებსაც ჯერ ოჯახიც არა აქვთ შექმნილი, მაგრამ ეს იდეა მათთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. ახლა კი თქვენს კითხვაზე გავცემ პასუხს-ამ კურსის გავლის შემდეგ მშობლები ისწავლიან შვილებთან სწორ კომუნიკაციას, რისი არარსებობაც არის მთავარი მიზეზი ოჯახში შვილებთან პრობლემებისა. მშობელი ისწავლის ურთიერთობის იმ მართებულ ფორმას, რომელიც მისი შვილისთვის გასაგები და მისაღები გახდება. ამ შემთხვევაში ჩვენი ბავშვები დაცული იქნებიან იმ მავნე ზეგავლენისგან, როგორიცაა არასასურველი წრე, ნარკოტიკები, ალკოჰოლის გავლენა და მრავალი სხვ. ამავე დროს საშუალება გვექნება შვილებს შევურჩიოთ მათთვის სასურველი გარემო.
 

ამ შემთხვევაში ხომ არ მოხდება შვილებისთვის ჩვენი სურვილების თავზე მოხვევა?

ამ კურსების იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მშობელი მისთვის დამახასიათებული  ეგოისტური მომენტებისგან გათავისუფლდეს. იგი პირველ რიგში შვილზე ორიენტირებული გახდება და მისთვის საჭირო გარემოს შექმნა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მისი სურვილის გათვალისწინებით მოხდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც მშობელი შვილთან სწორ კომუნიკაციას ისწავლის, ბავშვს თანდათანობით გაუქრება პროტესტის განცდა და მასთან დაკავშირებული მავნე ფაქტორების ძიება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კურსების გავლის შემდეგ მშობელი შვილის პრობლემების სწორად დანახვას ისწავლის. მაგალითად ბავშვს თუ სწავლა არ უყვარს, მაშინვე იმის თქმა, რომ ის ზარმაცია, არ შეიძლება, რადგან ამის მიზეზი შეიძლება თქვენი შვილის ჰიპერაქტიურობა იყოს, 

რომლის დროსაც მას 15 წუთზე მეტ ხანს ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია. ანუ ჩვენ ვისწავლით პრობლემის რეალურად შეფასებას და ამ შემთხვევაში გამოსავალსაც ადვილად ვნახავთ. 

მშობელთა სკოლის შექმნის იდეა რამ განაპირობა?

უკვე მესამე წელია, დავითიანნის ფსიქოლოგიური ცენტრი დავაარსეთ, სადაც დამწყები ფსიქოლოგები შეძლებდნენ სტაჟირების გავლას. ამავე დროს, პერიოდულად ტარდებოდა  სხვადასხვა ტრენინგები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება. ერთ-ერთი ტრენინგი ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგიურ საკითხებსა და მეთოდიკას ეხებოდა, რომელიც 350 ადამიანმა გაიარა. ეს იყო ერთი წლის განმავლობაში სამდღიანი მოკლე კურსი, რომელიც ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა: დასჯის ალტერნატივა, კომუნიკაცია შვილებთან და სხვ. ანუ საკმაოდ მარტივი თემები, რაც შესაძლებელია, რომ სამ დღეში, 9 საათის განმავლობაში აითვისო. ამ თემებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბაღის აღმზრდელები აქტიურობდნენ, შემდეგ უკვე მშობლებიც ჩაერთვნენ. აქედან გამომდინარე, მე დავინახე აუცილებლობა, რომ ეს და სხვა თემები უფრო ფართო სპექტრით წარმოგვეჩინა და ასე შეიქმნა მშობელთა სკოლის შექმნის იდეა.

სახელწოდებიდან გამომდინარე “მშობელთა სკოლა” - ალბათ უკეთესია, რომ აქ ორივე მშობელი მოვიდეს?

ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, როდესაც ამ კურსის გავლის შემდეგ დედ-მამას გათავისებული ექნებოდა ის მნიშვენლოვანი ფაქტორები, რაც ბედნიერი ოჯახის საფუძველი გახდებოდა. სამწუხაროდ, მამაკაცებისგან აქტივობის ხარისხი ნულის ტოლია. ჩემი აზრით, ეს ერის ტრაგედიაა. ჩვენთან ბავშვის აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა ისევ ზედაპირულია. მამის ფუნქცია ბავშვის საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფით არ უნდა განისაზღვროს. ასე ხომ სახელმწიფოსაც შეუძლია გამოკვებოს ბავშვი.

 
მამას ბავშვთან სწორი კომუნიკაცია უნდა გააჩნდეს. რადგან ბავშვის ფსიქიკა ძალიან ფაქიზია და მასთან ერთმა არასწორმა საქციელმაც კი, შეიძლება ის მნიშვნელოვანი კვანძი გაწყვიტოს, რაც ბავშვის მშობლისადმი ნდობას განაპირობებს. რამაც შესაძლოა პროტესტისა და რეალობისგან გაქცევის ისეთი მიზეზები წარმოქმნას როგორიცაა; სახლიდან გაქცევა, ნაადრევი ქორწინება, ნარკოტიკების მოხმარება თუ სხვ.
 

ალბათ ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით მამაკაცები სათანადოდ ვერ აფასებენ ამ ყველაფრის აუცილებლობას და შესაძლოა საზოგადოებრივი აზრიც ადარდებდეთ-რას იტყვის ხალხი, თუ ისინი ფსიქოლოგთან სიარულს დაიწყებენ...

ჩემთვის გაუგებარია, რომელი საზოგადოებრივი აზრი უნდა მაჩერებდეს, როცა საქმე შვილის კეთილდღეობას ეხება. ეს არ არის ფუფუნება-მშობლის ფუნქციისა და მისიის სწორად გაგება ოჯახის მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს. მამას შვილის ფორმირებაში უდიდესი მისია ეკისრება.
რაც მთავარია, აქ მოსვლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. მე ბედნიერია ვარ, რომ მოპოვებული გრანტის წყალობით კურსებზე დასწრების ღირებულება 400 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდა, ხოლო სტუდენტებისთვის კიდევ დამატებითი შეღავათები მოქმედებს. რაც მთავარია, დროც ყველასთვის ხელმისაწვდომია:  შაბათ-კვირას 4-დან 6-სთ-მდე. 

და ბოლოს, თქვენს სკოლასთან დაკავშირებით კიდევ რას დაამატებდით?

ჩემთვის ეს სკოლა მოიაზრება, როგორც ჩვენი საზოგადოების სულიერი გაჯანსაღების უმნიშვნელოვანესი კერა. მშობელი, რომელიც ბავშვთან ურთიერთობის და კომუნიკაციის ხელოვნებას დაეუფლება, თავის ოჯახში ჯანსაღ და ბედნიერ გარემოს შექმნის. რა თქმა უნდა, აქ გაზრდილი ბავშვი სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბდება, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
კიდევ დავამატებდი, რომ ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ამ კურსების ტრენერებიდან ბევრი ფსიქოლოგი ევროპაშია აკრედიტირებული. რაც ამ კურსების მსოფლიო დონეზე ჩატარების საფუძველია.  

და კიდევ, ვისაც სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენი ოჯახი იყოს ბედნიერი და შვილი ბედნიერი და წარმატებული გყავდეთ მაშინ ეს კურსები სწორედ თქვენთვისაა გათვალისწინებული!

საკონტაქტო ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ვახტანგ ჯინჯიხაძე

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

image

რატომ არ გვიჯერებენ ბავშვები?

image

როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

image

ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

image

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

image