ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

გულახდილად გეტყვით, ზალიკოსთან ინტერვიუს აღების შემდეგ ძალიან მომინდა, ჩემი ბიჭი (ახლა ის 2 წლის და 8 თვისაა) როცა გაიზრდება, მის სამხატვრო სტუდიაში შევიყვანო. მე მჯერა, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ბავშვები ულევ სიხარულს ეზიარებიან.

რას აძლევს ბავშვს ხატვა?

ბავშვი ხატვისას თავის შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს, უფრო ადვილად აღიქვამს სამყაროს, უყალიბდება გემოვნება, ფუნჯისა და ქაღალდის ზემოქმედებით ის სხვა სამყაროში ხვდება და, დამერწმუნეთ, ის კარგ ადამიანად ჩამოყალიბდება. შეიძლება, იგი მხატვარი არ გამოვიდეს, მაგრამ ბავშვობაში მიღებული ეს ემოციები მას ცხოვრებაში ძალიან დაეხმარება.

ის უფრო ადვილად მიაღწევს წარმატებას, გაუმარტივდება სირთულეების გადალახვა და იმ ბავშვებთან ერთად, ვისთანაც ის ხატვაზე დადიოდა, მომავალში ძალიან კარგი სამეგობრო წრე ჩამოუყალიბდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მარტო თავისთვის სახლში კი არ უნდა ხატავდეს, არამედ სხვა ბავშვებთან ერთად ურთიერთობდეს ხელოვნების ამ მიმართულებასთან. ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით, ჩემს ოჯახს ძალიან დიდი მხატვრული ტრადიციები მოგვდევს და თავისუფლად შემეძლო, რომ მიშიკოს, ახლა ის 20 წლისაა, სახლში ესწავლა ხატვა, მაგრამ მე ის ხატვაზე დამყავდა, რათა თავის თანატოლებთან ჰქონოდა ურთიერთობა, ამ დროს ბავშვი სხვებს აკვირდება, უფრო ცდილობს მეტი გაიგოს და ისწავლოს, ჯანსაღი კონკურენციის განცდა ეუფლება და სხვ.

თქვენს სამხატვრო სტუდიაზე რას იტყოდით?

ჩემი სტუდიის შექმნიდან უკვე 10 წელიწადზე მეტი გავიდა. მე მასში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე. მიხარია, რომ შედეგი სახეზეა. მე ყოველდღე ვხედავ ჩემი სტუდიის ბავშვების ბედნიერ და გახარებულ სახეებს; ბევრი უკვე ამ სფეროში წარმატებული გახდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სტუდიის შექმნისას მე მინდოდა გამეთვალისწინებინა ის დეფიციტი და უკმარისობა, რაც მე ბავშობაში ხატვის შესწავლისას განვიცადე. მოხერხებული მერხების უქონლობა, პედაგოგებთან კომუნიკაციაში ერთგვარი ბარიერი და, რაც მთავარია, არ იყო ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

მე მახსენდება ფილმი “მკვდარი პოეტების საზოგადოება”, სადაც მასწავლებელი, რომლის როლსაც რობი უილიამსი ასრულებდა, ცდილობდა, რომ ყველა მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა ჰქონოდა.

კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხატვის პროცესი ბავშვს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს და როცა მასწავლებელი ყველას უთითებს, რა უნდა დახატოს, ეს უკვე სხვა ემოციებს იწვევს. შეიძლება, დღეს ერთ ბავშვს პეიზაჟის დახატვა უნდა, მეორეს პორტრეტის, მესამეს კი არ უნდა ხატვა, უბრალოდ სიამოვნებს ფუნჯით რაღაც ფერების ვარიაციები შექმნას.

მასწავლებელმა ამას უნდა მიაქციოს ყურადღება  და ბავშვს ხატვა უფრო შეუყვარდება და მეტსაც მიაღწევს. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო-რამდენიმე წლის წინ ჩემი სტუდიის ერთი მოსწავლის ნახატები გავაგზავნე საბერძნეთში კონკურსზე. ნახატებმა პირველი ადგილი აიღო. თქვენ ამ ბავშვის აღფრთოვანება უნდა გენახათ, როცა ეს ამბავი სტუდიაში  ყველა ბავშვის თანდასწრებით გამოვაცხადე, თან ბავშვებს ვუთხარი: “ხომ ხედავთ, თუ იშრომებთ, შედეგიც იქნება.” ეს ფაქტი მათთვის დიდი სტიმული იყო.

რა სიახლეებია თქვენს სტუდიაში?

1 დეკემბრიდან ანიმაციის შემსწავლელი კურსები გაიხსნა. ეს ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი-საქართველო მსოფლიოში მე-8 ქვეყანა იყო, სადაც ანიმაციური ნამუშევარი შეიქმნა. ეს იყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. დღეს ანიმატორების საკმაოდ დიდი დეფიციტია საქართველოში და ამიტომაც მინდა, რომ ჩემმა სტუდიამ ბევრი კარგი ანიმატორი შექმნას, მეორე-ბიძაჩემი იყო კარლო სულაკაური, ცნობილი ქართველი რეჟისორი,  მისი შექმნილია ანიმაციები: „საზამთრო“, „სალამურას თავგადასავალი“, „ბომბორა“,  „ბაჩო მიდის ბებიასთან“ და სხვ.  დარწმუნებული ვარ, ბიძაჩემს ძალიან გაეხარდებოდა, როცა ჩემი ჩანაფიქრის შესახებ გაიგებდა და, ბოლოს, ვერ წარმოიდგენთ, ბავშვებს როგორ უხარიათ, როცა ანიმაციები იქმნება და მათი დახატული ნახატები ცოცხლდებიან და მოძრაობას იწყებენ. ბავშვის სიხარული კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

და ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?

ჩემს ხელში ძალიან ბევრმა ბავშვმა გაიარა, მათთან ურთიერთობამ მე დამანახა ერთი ჭეშმარიტება, შეიძლება მათგან ყველა მხატვარი არ გამოვიდეს,

მაგრამ ხატვის დროს მიღებული ემოციები და სიხარული მათ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ამიტომ, მშობლებო, ნუ დაუშლით ბავშვებს ხატვას! თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს ხატვის სურვილი  აქვს, შეუწყვეთ ხელი, რათა ეს დაუვიწყარი ემოციები განიცადოს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, ბავშობაში მე და ჩემს ძმას სახლის კედლების მოხატვა მოგვინდა, თან სახლიც სარემონტო იყო და მშობლებმა ამისი უფლება მოგვცეს. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული განვიცადეთ, ალბათ, ამან ჩემს დღევანდელ სიტუაციასაც შეუწყო ხელი, მე იმის პროპაგანდას არ ვახდენ, რომ ბავშვებს კედლის მოხატვის უფლება მისცეთ, უბრალოდ ხელი შეუწყვეთ, რომ ხატონ, დამერწმუნეთ, შეიძლება ისინი დიდი მხატვრები არ გამოვიდნენ, მაგრამ ბედნიერ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან...

ვახტანგ ჯინჯიხაძე

ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

image

ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

image

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

image

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

image

როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

image

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

image