დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

ყოველი ბავშვი, რომელიც სამყაროს შეცნობას იწყებს, უფროსების მხრიდან დახმარებას საჭიროებს. მხოლოდ მცნება “დახმარება” ყველას განსხვავებულად ესმის. ზოგი მშობელი ბავშვის ნაცვლად ასრულებს საშინაო დავალებას, თასმას უკრავს და მის მაგივრად ოთახს ალაგებს, ხოლო ზოგი მხოლოდ ზეპირი მითითებით შემოიფარგლება, თუ როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის ქმედება. ამ სიტუაციაში მტყუან-მართლის მოძიება საკმაოდ რთულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ვაკონტროლოთ, რომ ბავშვისადმი ჩვენი დახმარება დათვურ სამსახურში არ გადაიზარდოს.

დახმარება და უახლოესი განვითარების ზონა

მოდით, გავარკვეთ, რას ნიშნავს დახმარება. ეს პირველ რიგში - ხელშეწყობაა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს სხვა ადამიანთან ერთობლივად განხორციელებული ქმედებაა. თავად სახელწოდებაც იმას მიუთითებს, რომ პირი, ვისაც ვეხმარებით, თავადაც უნდა ავლენდეს აქტიურობას. ამიტომაც დახმარება ყოველთვის ასოცირდება სიტყვასთან “ერთად” და არა “მის ნაცვლად”.

დახმარება აგრეთვე ასოცირდება ისეთ ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ მოვლენასთან, როგორიცაა უახლოესი განვითარების ზონა.  მოდით, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენა; ამისთვის საჭიროა, ორი წრე წარმოვიდგინოთ, სადაც ერთი მეორე წრის შიგნითაა განთავსებული. ცენტრალური წრე აქტიურ უნარ-ჩვევებს მოიცავს. ეს ის ქმედებებია, რომლებსაც ბავშვი დამოუკიდებლად ასრულებს. მეორე წრის გარეთ ის უნარებია განთავსებული, რომელთა ათვისებაც ბავშვს ჯერ არ ძალუძს. ხოლო ცენტრალურ და გარე წრეებს შორის არსებული სივრცე იმ ქმედებებს წარმოადგენს, რომელთა ათვისებაც ბავშვს დახმარების შემთხვევაში შეეძლება. სწორედ ის წარმოადგენს უახლესი განვითარების ზონას. რაც უფრო სწრაფად აითვისება ეს ზონა, მით უფრო აქტიურად და ხარისხიანად ვითარდება ადამიანი.


ყოველდღიურად ბავშვი მთელ რიგ მოვლენებს აწყდება, რომელთა გაგება და ათვისება მას არ შეუძლია. რა თქმა უნდა, სამამდე თვლასა და რთულ მათემატიკურ ამოცანებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და თავშიც არავის მოუვა, რომ ბავშვს ინტეგრალების ამოხსნა დავავალოთ, მაგრამ ნელ-ნელა იგი თუ თავისით ჭამას მიეჩვევა, სრულიად რეალურია. ამ შემთხვევაში დახმარება გამოხატული იქნება ხელის მოძრაობის კორექციაში, შექებაში, შეცდომებთან მუშაობასა და სხვა. საბოლოოდ თქვენი პატარა დამოუკიდებლად ჭამას მიეჩვევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი უახლესი განვითარების ზონის ნაწილი აქტუალურ დონეზე გადაინაცვლებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმეს ბავშვის ნაცვლად აკეთებთ, მაშინ ეს უნარ-ჩვევა მისი უახლესი განვითარების ზონაშივე დარჩება.

მშობლების ტიპური შეცდომები ანუ დათვური სამსახური

დახმარებასთან დაკავშირებული შეცდომები მშობელს ყველაზე ხშირად ბავშვის სკოლაში მიყვანის შემდეგ მოსდის.

გვინდა ჩამოვთვალოთ ტიპიური დათვური სამსახურის მაგალითები. ზოგიერთმა მშობელმა შესაძლოა,  ამაში საკუთარი თავიც დაინახოს. თავის გამართლებას ნუ იჩქარებთ - უკეთესია მათ უარყოფით შედეგებზე დავფიქრდეთ.

დათვური სამსახური N1: ბავშვის ნაცვლად შევასრულოთ საშინაო დავალება

ეს ყველაზე გავრცელებული მოვლენაა, ის განსაკუთრებით დაწყებით კლასებში ვლინდება.  დედას სამსახურში ეჩქარება, ჯდება ბავშვთან ერთად და მას დავალებების უკვე გამზადებულ პასუხებს კარნახობს. ამასთან ერთად, ბავშვისგან ფურცელზე ამ ყველაფრის ლამაზი კალიგრაფიით დაწერას ითხოვს. ალბათ ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი ამოცანის ამოხსნას საერთოდ ვერ ითვისებს. მისთვის მხოლოდ მთავარია, რომ დედის მითითება გულდასმით შეასრულოს და დანარჩენი უკანა პლანზე ინაცვლებს.თავს იმითი ნუ გაიმართლებთ, რომ ბავშვი ყველაფერს დამოუკიდებლად ასრულებს, ხოლო თქვენ მხოლოდ მას აკონტროლებთ. ის დავალებას თქვენი კარნახით ასრულებს.

კიდევ ერთი სრულიად გაუგებარი მოვლენა - ბავშვის ნაცვლად დავალების შესრულება. მშობლები ცდილობენ, რომ ეს ამოცანის სირთულით გაამართლონ, მაგალითად ბუნებისმეტყველებაში.  მაგრამ გვერწმუნეთ, ბავშვისთვის მწერების თვალის აგებულების ახსნა გაცილებით გამარტივდება, თუ ამას  კალიის მიერ სამაყაროს დანახვის მაგალითზე დავუხატავთ.

ასეთი ტიპის დათვური სამსახური იმის გარდა, რომ ბავშვში საჭირო უნარ-ჩვევებს ვერ ავითარებს,  მას უპასუხიმგებლობასაც ასწავლის. თუ თქვენ პროცესს არ გააკონტროლებთ - მაშინ უარყოფითი ნიშნების მიღების ბრალეულობაც თქვენზე მოდის.

ამის შედეგად, ბავშვი უპასუხისმგებლო პიროვნებად ყალიბდება.

დათვური სამსახური N2: ბავშვის კონფლიქტების მოგვარება

ბავშვები ჩხუბობენ პარკში, ეზოში, კლასში. ამასთან ერთად მათი ნაწილი კონფლიქტის მოგვარების მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებს, ხოლო ზოგი კი მშობელთან გარბის. და აი, გააფთრებული დედა შვილის განმაწყენებელთან საქმის გასარჩევად მიეშურება. როგორც წესი, ასეთ დროს ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ მშობელს, რომელიც კონფლიქტში ერევა მეორე მხარის მოსმენა არ სურს და მას განაჩენი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოაქვს. თუ მეორე მხარეს მისი მშობელიც გამოესარჩლება, მაშინ მშობლებს შორის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება.

ბავშვების კონფლიქტებში მშობლების ჩართულობა პატარას იმ აუცილებელ სოციალურ გამოცდილებას ართმევს, რომელიც მის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. ამავე დროს ეს ბავშვში დისკომფორტს იწვევს.  ასეთი “ბარტყებისგან” შემდგომში უსუსური მოზრდილები იზრდებიან.

დათვური სამსახური N3:  “ორთქმავლის” წინ სირბილი

ეს გავრცელებული მოვლენაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მშობელი ბავშვის ნაცვლად ყველა გადაწყეტილებას თავად იღებს. ბევრ დედას და მამას პატარის გაჩენამდე უკვე გადაწყვეტილი აქვთ, თუ რომელ სპორტულ სექციაზე ან ხელოვნების წრეზე უნდა ატარონ მისი შვილი. ამავე დროს, მშობელს ეჭვიც არ ეპარება, რომ მათი სურვილები ბავშვის ინტერესებს დაემთხვევა.

ზოგჯერ  მშობელი ბავშვის ნებისმიერ ინტერესს ებღაუჭება. მაგალითად ბავშვმა უბრალოდ ჩაილაპარაკა, რომ ციგურებით სიამოვნებით ისრიალებდა და დედა მყისიერად ძვირადღირებულ ციგურებს ყიდულობს, შემდეგ შვილს ფიგურული სრიალის წრეზე ჩაწერს და მცირე გადაცდომის შემთხვევაში მას დიდ პრეტენზიებს უყენებს: “ჩვენ შენთვის ამდენს ვაკეთებთ, შენ კი....”. მაგრამ თუ სიტუაციაში კარგად გავერკვევით, ასეთი მშობლები საკუთარს, როგორც ბავშვის ინტერესებს წარმოაჩენენ.

მოცემულ სიტუაციაში დახმარება მხოლოდ მხარდაჭერითა და პირობების შექმნით შეიძლება გამოიხატოს,  შემდგომი ქმედება კი მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, თუ ბავშვმა ინტერესი თავად გამოავლინა.

დათვური სამსახურის შედეგები:

უპასუხისმგებლობა;
ინფანტილურობა;
სოციალურ ურთიერთობაში უნარ-ჩვევების სიმცირე ან არარსებობა;
ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბავშვის დახმარება - ფაქიზი და განსაკუთრებული თემაა. მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ქმედებები ვისწავლოთ და არსებული განვითარების დონეს დავეყრდნოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ბავშვის განვითარებას შევუწყობთ ხელს.

 

თარგმნილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

image

რატომ არ გვიჯერებენ ბავშვები?

image

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

image