შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

ოჯახის დანგრევა, რა თქმა უნდა, კატასტროფის ტოლფასია. ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ სწორედ მშობლების დაცილება და არა ახლობელი ადამიანის დაკარგვა არის დეპრესიის გამოწვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. შეიძლება ბევრი ამ შეხედულებას არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახის დანგრევას ყოველთვის სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვები ახლავს.  ეს განსაკუთრებით დრამატულ ხასიათს იძენს, როდესაც ოჯახში ბავშვები არიან. ვინაიდან სულიერი ტკივილის ტვირთი მეუღლეების გარდა მათი შვილების ფაქიზ ფსიქიკასაც აზიანებს. ნებისმიერი ბავშვისათვის იმისი გაგება და მიღება წარმოუდგენელია, თუ რანაირად მოხდა, რომ დედისა და მამის უწყვეტი კავშირი ერთ დღეს დაინგრა.

ამ დროს მშობელი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგება - შინაგანი ტკივილებისა და გამოფიტულობის მიუხედავად, მან საკუთარი სახე, სიმშვიდე და ღირსება უნდა შეინარჩუნოს, ამავე დროს, ბავშვს ახალი ცხოვრების პირობებთან ადაპტირებაში უნდა დაეხმაროს და მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა მიანიჭოს. ასეთ სიტუაციაში ძალიან ხშირად ბავშვი მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს; მშობელმა ეს არ უნდა დაუშვას.  

ასეთ სიტუაციაში მშობლები გაუცნობიერებლად უხეშ შეცდომებს უშვებენ. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე გავრცელებულს:
 

შეცდომა N1.  ოჯახში მიღებული წესების ნგრევა

გაშორება, რა თქმა უნდა, ოჯახს ჩვეული რითმიდან აგდებს. საკუთარ ფიქრებსა და ემოციებში ჩაფლულ მშობელს, ოჯახში ადრე არსებული წესების შესრულებისთვის შესაძლოა, უკვე აღარც ცხელა, ამიტომაც მშობელმა შესაძლოა აგრძალოს ან პირიქით ნება დართოს იმას, რაც რეალურად დაუშვებელია. მშობელი ვერც კი აცნობიერებს, რომ ამითი ის შვილის ჩვეული ცხოვრების რითმს ნელ-ნელა არღვევს.

რჩევა - ოჯახში არსებული წესები და ჩვევები შეინარჩუნეთ და აღზრდის ჩვეულ სისტემას მისდიეთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისთვის სკოლის შემდეგ ნახევარი საათით მულტფილმის ყურება ნებადართული იყო, ამას ახლა ნუ აუგრძალავთ. თქვენს მეუღლესთან თანაცხოვრებისას პატარას ძილის წინ ზღაპარს თუ უკითხავდით, ეს ახლაც გააკეთეთ. ნუ გადავარდებით უკიდურესობებში: განსაკუთრებული შექება, შეცოდება ან ცუდი ნიშნების გამო გადამეტებული სიმკაცრე, რასაც ადრე არ აკეთებდით, კარგს არაფერს მოიტანს. ადრე არსებული წეს-ჩვეულებების შენარჩუნება ბავშვს აგრძნობინებს, რომ სამყარო არ დანგრეულა და ის თითქმის უცვლელი დარჩა.

შეცდომა N2.  მეუღლეებს შორის არსებული კონკურენცია

გაშორების შემდეგ, შესაძლოა, მშობლები ბავშვის გულის მოგებას შეეცადონ, რათა ერთი მეორეზე უკეთესი გამოჩნდეს. ნებას დართავს, რომ ბავშვმა ზომაზე მეტი ტკბილეული ჭამოს, გვიანობამდე არ დაიძინოს, მეცადინეობის ნაცვლად კომპიუტერით ითამაშოს და სხვ. ამ დროს მშობელი ვერც კი აცნობიერებს, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ამას მოყვეს; ბავშვს შეუძლია ეს მანიპულაციისთვის გამოიყენოს და სასურველის მისაღებად მშობელს უთხრას: “მამა (ან დედა) ამის უფლებას მომცემდა…” უფრო რთულად იქნება საქმე, როდესაც მშობლები ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ყოველივე ამას ბავშვის უკიდურესი განებივრება მოჰყვება. ამ სიტუაციაში ყოფილ მეუღლეებს შორის დამოკიდებულება უფრო დაიძაბება და მიიღებენ შვილს, რომელსაც მათდამი არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია.

რჩევა: ამიტომ, ყოფილ მეუღლესთან კონკურენციის განცდა გამორიცხეთ და ოჯახის დანგრევის მიუხედავად თქვენ ბავშვისათვის ისევ დედად და მამად უნდა დარჩეთ, რაც მთავარია, რთული სიტუაციის მიუხედავად ბავშვის აღზრდის კუთხით თქვენ მოკავშირეობა უნდა შეინარჩუნოთ.

შეცდომა N3. განსაკუთრებული მეურვეობა

ის მშობელი, რომელთანაც რჩება ბავშვი (ხშირ შემთხვევაში ეს არის დედა), მეორე მშობლის დეფიციტის კომპენსირებას ცდილობს. ბავშვთან მიმართებაში ის მეურვის პოზიციას იკავებს, მუდმივად აკონტროლებს და ბავშვის ინიციატივას აკნინებს. ქცევის ასეთი ფორმა და მანერა ემოციურად არამყარ, უინიციატივო, დამოკიდებულ და ეგოისტურ პიროვნებას ჩამოაყალიბებს.

რჩევა: ბავშვისგან მსხვერპლს ნუ შექმნით, მაგრამ ხშირად უთხარით, თუ რა ძლიერად გიყვართ.

შეცდომა N4.  ბავშვის ცუდი ქცევის ფაქტების დამალვა

ხშირად ხდება, რომ მშობელს, ვისთანაც რჩება ბავშვი იმისი აღიარება არ უნდა, რომ ის აღარ უჯერებს და ცუდად იქცევა, ხოლო ყოფილი მეუღლე, როცა მას ამის შესახებ ეტყვის, რეაქცია ექნება შემდეგი; “მართლა, უცნაურია, სახლში ის სულ სხვანაირად იქცევა. იქნებ პრობლემა შენშია?” და იმის ნაცვლად, რომ  ბავშვის ქცევების შესახებ მათ ერთად იმსჯელონ და გამოსავალი ნახონ, ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს უფრო მეტად უპირისპირდებიან.

რჩევა: ბავშვის ცუდი ქცევების შესახებ ფაქტები ყოფილ მეუღლეს არ დაუმალოთ. ამის ნაცვლად ერთობლივი ძალისხმევით ნახეთ გამოსავალი, ამის გაკეთება კი ერთად უფრო მარტივი იქნება.  ყველაზე უარესია, როცა მშობელი ბავშვთან გარიგებაში შედის და შვილს ეუბნება, მოდი ეს მამას (ან დედას) არ ვუთხრათ, ან სხვაგვარად მოვუყვეთ. ასეთი ქმედებები ბავშვს სიცრუისაკენ უბიძგებს.

შეცდომა N5. ყოფილი მეუღლის აღზრდის მეთოდების კრიტიკა

ოჯახის დანგრევასთან არსებული ემოციები და ტკივილები ხშირად ყოფილი პარტნიორისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას დიდი დროის განმავლობაში ინარჩუნებს. ასეთი ემოციები ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთის კრიტიკის სურვილს უჩენს. შესაძლოა, ეს ბავშვის აღზრდის მეთოდებსა და ფორმასაც შეეხოს. აღზრდის მეთოდები, რომლებსაც თანაცხოვრების პერიოდში ისინი იყენებდნენ, ახლა კატეგორიულად მიუღებელი ხდება. სიტუაცია ბაწრის გადაქაჩვას ემსგავსება, როდესაც ორივე მშობელი საკუთარი შეხედულებისამებრ ცდილობს აღზარდოს შვილი. ამ სიტუაციაში ბავშვი სრულიად იბნევა და ვერ ხვდება, თუ რომელი მშობელია მართალი. საბოოლოო ჯამში ეს ყველაფერი მას სტრესულ მდგომარეობაში აგდებს.

რჩევა: თქვენი ყოფილი მეუღლის აღზრდის მეთოდებს ნუ გააკრიტიკებთ (რა თქმა უნდა, თუ ეს მორალურ ნორმებს არ სცილდება).  უმეტეს შემთხვევაში აღზრდის მეთოდების დაწუნება თქვენი მისადმი მიკერძოებული და პირადი ნეგატიური  დამოკიდებულების  შედეგია. სიტუაცია რეალურად შეაფასეთ და ბავშვის სასარგებლოდ იმოქმედეთ. მას თქვენ ორივე სჭირდებით.


თარგმნილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო 

 

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

image

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

image

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

image

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

image

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

image

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image