ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

ბევრი ბედნიერი ადამიანი შეგხვედრიათ თქვენ ირგვლივ?!  პირადად მე არა...
რა გვიშლის ხელს, რომ ბედნიერება შევიგრძნოთ?!  ბევრი ფიქრობს, რომ ამისი მთავარი მიზეზი მატერიალურში უნდა ვეძებოთ,  მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ ყოველდღიური ბედნიერების შეგრძნების უნარი დავკარგეთ.   როდის ვკარგავთ ამ ყველაფერს?
გაიხსენეთ თქვენი თავი ბავშვობაში, წუთით გადაავლეთ თვალი თქვენს პატარაობის ფოტოებს. რა ადვილი იყო მაშინ ბედნიერი წუთების განცდა...  რა ხდება მერე? სად იკარგება ეს ყველაფერი?  ამაში მშობლებიც ხომ არ გვეხმარებიან, როდესაც თავის გეგმებს თავზე გვახვევენ და ხშირად საკუთარი დაუმთავრებელი გზის დამთავრებას გვაიძულებენ. მათ ხომ უნდათ, რომ ჩვენ გამორჩეულები ვიყოთ.

მე მყავს 2 წლი-ნახევრის ბიჭი. ზოგჯერ ჩემს თავსაც ვატყობ ,რომ მასთანაც ჩემი გეგმებით ვხელმძღვანელობ... ალბათ ეს მშობლების საერთო სენია...  მინდა  ამისგან გავთავისუფლდე, რათა ჩემი შვილის ბედნიერებას არ შევუშალო ხელი.
ჩემთვის ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხი იმ ბაღის ხელმძვანელმა გასცა, სადაც ჩემი შვილი დადის.
წარმოგიდენთ ბაღი „ჯუნიორის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო
სოზიაშვილს. 

ქალბატონო ნინო, როგორც ცნობილი ექიმი კომაროვსკი ამბობს, პირველ რიგში უნდა ვისურვოთ, რომ ჩვენი ბავშვი ბედნიერი იყოს, ხოლო რამდენი ენა ეცოდინება და რამდენ საგანში იქნება ძლიერი, ეს მეორე საკითხია.
დიახ, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს. პატარამ პირველ რიგში უნდა განიცადოს  ბავშვობის ის ბედნიერი პერიოდი და, რაც მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში უნდა ჰქონდეს რწმენა, ხოლო ოჯახი და საგანამანათლებლო დაწესებულებები მას ამაში უნდა ეხმარებოდეს. ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავში რწმენა არა აქვს, თუნდაც საკმარისი განათლება გააჩნდეს, წარმატების მიღწევა ყოველთვის გაუჭირდება.  სამწუხაროდ, ჩვენთან ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაა. ძალიან ხშირად მშობლები ცდილობენ ბავშვს იმაზე მეტი ტვირთი აკიდონ, ვიდრე ამას მისი ასაკი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ითხოვს.  მაგალითად 3-4 წლის ბავშვის მშობელი როდესაც გთხოვს, რომ მისი შვილი უფრო მაღალ, სკოლამდელი მომზადების ჯგუფში გადავიყვანოთ, რათა ინგლისური უფრო ინტენსიურად ისწავლოს, მაშინ, როცა პატარას ჯერ გამართული მეტყველებაც არ შეუძლია.  ბავშვს ამითი ვუკარგავთ იმ აუცილებელ პერიოდს, როცა ის თავის თანატოლებთან თამაშს, ურთიერთობას ეჩვევა; ამით ხომ მისი პიროვნების ფორმირება ხდება.  

მაგალითად, იაპონიაში მოსწავლე 10 წლამდე გამოცდებს არ აბარებს, რადგან  მიაჩნიათ, რომ ეს ბავშვისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს. ამის ნაცვლად აქცენტი კეთდება ურთიერთპატივისცემაზე, ბუნებისა და ცხოველების სიყვარულზე, თვითრწმენის განმტკიცებასა და სხვა. ამაზე რას ფიქრობთ?
ეს ნამდვილად არ ვიცოდი,  კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში გენიალური ადამიანები ცხოვრობენ...
მე ორი წელია რაც ამ ბაღში ვმუშაობ და ჩემი მოსვლის პირველსავე დღიდანვე საკუთარ თანამშრომლებს განვუცხადე, რომ ღია გაკვეთილები აღარ ჩატარდებოდა. მაშინ ეს ბევრს  ძალიან გაუკვირდა... საქმე იმაში გახლავთ, რომ, ჩემი აზრით, ღია გაკვეთილებს ბავშვებისა და აღმზრდელებისთვის სტრესის გარდა  არაფერი მოაქვს. ხოლო იმ 20 წუთის გულისათვის მიღებული ინფორმაცია ბავშვს რამდენიმე თვეში დაავიწყდება; ამის გამო ხომ მას თამაშისა და გართობის შეუცვლელი საათები უნდა წაართვან, აღმზრდელს კი მუდმივი შიში აქვს, რომ ხელმძღვანელისგან საყვედური არ მიიღოს. შეშინებული და დაძაბული აღმზრდელი ბავშვს ვერ მისცემს იმ სიყვარულს, რაც ბავშვისათვის აუცილებელია.  

და ბაღში დღესასწაულების შემთხვევაში?
მოდით, ჯერ გავიაზროთ, რისთვის ეწყობა ბაღში დღესასწაული? სახელიდან გამომდინარე ის ბავშვისთვის სიხარულისა და გართობის მომნიჭებელი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბევრ ბაღში ამას ისე უყურებენ, თითქოს კომისია უნდა მოვიდეს შემოწმებაზე, რათა მშობლებმა დაინახონ, თუ რა უშეცდომოდ ასრულებს მისი შვილი მასზე დაკისრებულ როლს. ხოლო შეცდომის შემთხვევაში აღმზრდელები ბაღის მეპატრონისგან საყვედურს ღებულობენ, ან სამსახურსაც კი ეთხოვებიან. რაც მთავარია, პატარებს რამდენიმე კვირით ან თვით ადრე ზეიმისთვის ისე აქტიურად ამზადებენ, რომ ხშირად მათთვის გართობისა და სეირნობის დროც აღარ რჩება. ჩემი აზრით, ბუნებრივი მომენტია, თუ ღონისძიების დროს ბავშვს შეეშლება; ზეიმისთვის  მომზადების პროცესი კი ბავშვს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს და, რაც მთავარია, ის დიდ დროსა და ძალისხმევას  არ უნდა ითხოვდეს. 

რა არის ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი?
ჩემი აზრით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამის მთავარ მიზეზს  ის ოჯახი წარმოადგენს, სადაც ბავშვი იზრდება. ოჯახში დაძაბული და არაჯანსაღი გარემო, არასკმარისი სითბო, ყურადღება და სხვა.. ყველაფერი ეს უკვალოდ არ იკარგება და  ბავშვის ქცევებსა თუ კომპლექსებში აისახება, რაც შემდეგ დიდობაში დიდ პრობლემებად იქცევა ხოლმე.  ბავშვი სიყვარულით უნდა გავანებივროთ, ამავე დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ბაღსა თუ სკოლას, სადაც ბავშვი საკმაოდ დიდ დროს ატარებს. ყველგან უნდა იყოს ჯანსაღი გარემო.  ამიტომ ის პერსონალი (მასწავლებლები, აღმზრდელები, ძიძები) რომელიც ბავშვებთან ურთიერთობს, თავად უნდა იყოს დაძაბულობისგან და სტრესისგან გათავისუფლებული. ამიტომაც, ჩვენს ბაღში ვცდილობ, რომ არ არსებობდეს იერარქიული საფეხურები და ყველანი თანაბარნი ვიყოთ. ეს პირველ რიგში ამ ბავშვებისთვის მჭირდება. 

ქალბატონო ნინო, ხომ არ მომესმა, თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვი სიყვარულით უნდა გავანებივროთ?
დიახ, არ მოგესმათ... მე ვგულისხმობ არა განებივრებას, როცა ბავშვის ყოველი კაპრიზი, ახირება კმაყოფილდება... ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, არამედ ბავშვისადმი გულწრფელი სიყვარული, რომელიც გადამეტებული არასდროს იქნება. ეს მისი ფორმირებისათვის აუცილებელა. 

და ბოლოს, თქვენი აზრით, რას აძლევს პატარას საბავშვო ბაღი?
პირველ რიგში იგი თანატოლებთან ურთიერთობას სწავლობს, პატარობიდანვე ეჩვევა გუნდურ პრინციპებს, რის შემდეგაც ბავშვს უფრო უადვილდება სკოლასთან და საერთოდ ცხოვრებასთან შეგუება. მე ბაღში მოსვლამდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სკოლა „მწიგნობართუხუცესში“ ვმუშაობდი, ამიტომ სკოლის სამყაროც ჩემთვის კარგადაა ცნობილი. ის პირველკლასელები, რომლებმაც საბავშვო ბაღში იარეს, სკოლაში უფრო ადვილად ადაპტირდებიან და სწავლაც ბევრად უადვილდებათ. ამიტომაც ვამტკიცებ, რომ საბავშვო ბაღი, სადაც პატარა რამდენიმე წელიწადს ატარებს, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია მისი პიროვნების ფორმირების კუთხით, მხოლოდ თუ იქ ჯანსაღი გარემო არსებობს, და ყველა ორიენტირებულია ბავშვზე და არა იმაზე, რომ მშობელზე მოახდინონ შთაბეჭდილება. 

ვახტანგ ჯინჯიხაძე

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

image

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

image

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image