იდეალური ბავშვი-ეს შესაძლებელია?!

იდეალური ბავშვი-ეს შესაძლებელია?!

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი კარგ მანერებს და ეს ყოველივე  სწრაფად და მარტივად გავაკეთოთ? ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით მეთოდს, რომელიც ბავშვისთვის მუდმივად შენიშვნებისა და შეხსენებებისგან გაგათავისუფლებთ, გაუფრთხილდება თქვენს ნერვებს და ხშირი კონფლიქტებისგანაც დაგიცავთ.

ეს სტატია დაგეხმარებათ, რომ ბავშვი უფრო ადვილად აღზარდოთ.

ბავშვები იზრდებიან და მშობლების ქცევებს აკვირდებიან, სწავლობენ და იმეორებენ. ეს პროცესი გაუცნობიერებლად და სრულიად ავტომატურად მიმდინარეობს. მისი გამორთვა შეუძლებელია, ის გულისცემასავით ბუნებრივია.

ბავშვები როცა იზრდებიან, თავისდაუნებურად ამჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლების მსგავსად იქცევიან. პატარობაში საკუთარ თავს ეფიცებოდნენ, რომ ასე არასდროს მოიქცეოდნენ, მაგრამ ეს მათი სურვილის მიუხედავად ხდება.გინდათ თუ არა, თქვენი ტვინი პირველი დღიდანვე მშობლების ემოციებს, ინტონაციებს, სიტყვებსა და მოქმედებებს  აკვირდება. როგორ იღებენ მშობლები გადაწყვეტილებებს? როგორ იქცევიან ამა თუ იმ სიტუაციაში? ყოველივე ქვეცნობიერის  “ვიდეოში” იწერება და ინახება.ამ პროცესთან შეწინააღმდეგება არარეალურია. იგი ჩვენს გაუცნობიერებელ მექანიზმებშია ჩადებული და პირდაპირ სარკისებურ ნეირონებთანაა დაკავშირებული.

“თხუთმეტი წლის ბუმერანგი”

ხშირად მშობლებს მოზარდის ქცევები აღიზიანებთ. საიდან არის მასში ეს უხეშობა და უზრდელობა? რატომ გვაბრალებს რაღაცეებს?  ჩვენს ჯინაზე რატომ აკეთებს ყველაფერს? ამ ყველაფრის საფუძველს დედის და მამის ქცევებზე დაკვირვება და კოპირება წარმოადგენს. 

მოზარდის პერიოდი ბუმერანგივით აბრუნებს ყველაფერს, რაც მშობლებმა საკუთარი მაგალითით ანახეს: უხეშობა, თავხედობა, უპატივცემულობა და ეგოიზმი. ან პირიქით: ზრდილობა, პატივისცემა და სხვებისადმი გულითადი დამოკიდებულება.

მშობლები საკუთარი თავისადმი პატივისცემას ითხოვენ, მაგრამ საკუთარი მაგალითით რეალურად რას ასწავლიან? თუ ბავშვს უყვიროდნენ, მაშინ ასწავლეს ყვირილი,თუ სცემდნენ-ჩხუბი, თუ ლანძღავდნენ-თავხედობა.

როცა მოზარდი მშობლებს უყვირის, ის ამას მათთან მიახლოებული ტონით და ინტონაციით აკეთებს. როცა რამეს “ჯინაზე” აკეთებს, მის საქციელში მშობლების მისდამი გულგრილობა სარკისებურად ირეკლება.

თავხედური ქცევები შემდეგი რეპლიკების შედეგია: “შენ არავინ გეკითხება!”, “წადი, გაიარე!” “შე ლაწირაკო!”, “ენა ჩაიგდე მუცელში!”.  ვინმე ფიქრობს, რომ ეს ფრაზები ბავშვისთვის შეურაცხმყოფელი არ არის?

“რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”-ამას ჯერ ვერავინ გაექცა!

შეიძლება ბავშვს დავუშალოთ, რომ უფროსებს ისე მოექცეს, როგორც ისინი ეპყრობიან. მაგრამ ვინაიდან მას  დამოკიდებულების სხვა მაგალითი არა აქვს, ის მხოლოდ არსებულით იხელმძღვანელებს.

“კარგი მაგალითის გარეშე დადებით შედეგს ნუ ველოდებით.”

წარმოიდგინეთ, ვიღაცამ დაგისვათ შეკითხვა, რომელიც თქვენთვის სრულიად უცხო სფეროს ეხება.

წარმოიდგინეთ, რომ ახლა იახტაზე იმყოფები ზღვა, მზე, თავისუფლება…

მოულოდნელად მოგთხოვეს, რომ კლივერი წინა შკატორინაზე დავჭიმოთ.
იალქნის მოწყობილობას თუ არ იცნობთ, მაშინ ეს თხოვნა გაუგებარ სიტყვათა გროვას დაემსგავსება.

თქვენ დაბნეულად ითხოვთ, რომ ხელმეორედ გაგიმეორონ, რის შემდეგაც იგივე სიტყვები გესმით. ეფექტი არ არის. მაშინ მოულოდნელად იგივეს გაკეთებას თქვენგან უკვე ყვირილით ითხოვენ.

უაზრო სიტუაციაა. სამაგიეროდ ბავშვის მდგომარეობას კარგად გამოხატავს. ბავშვმა საიდან უნდა იცოდეს, რა არის პატივისცემა, თუ მშობლებმა ის პირად მაგალითზე არ ანახეს?

ცეკვის მასწავლებელს შეუძლია მოძრაობები სიტყვებით აღწეროს, მაგრამ თუ ის ამას შენელებული მოძრაობით დაგვანახებს, თქვენ ამაში უკეთესად გაერკვევით. ამიტომაც წარმოუდგენელია, ვითხოვდეთ პატივისცემას, თუ მას თქვენი შვილის მიმართ არ ჰქონია ადგილი.

"ვერონიკას ისტორია"

ჩემს ერთ დაქალს ჰყავს გოგონა ვერიკო. ბავშვი, როცა 3 წლის იყო, დედა ცდილობდა მისთვის “მადლობის” თქმა ესწავლებინა. შედეგი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო… ყოველ ჯერზე მადლობის თქმის შეხსენება იყო საჭირო.
მაშინ ერთი იდეა დამებადა!

მე გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: როცა ვერიკო რაიმე ნივთს მაძლევდა, მე ვუღიმოდი და მადლობას ვეუბნებოდი. ჩემი დაქალიც შეუერთდა ამ ექსპერიმენტს.

შედეგმა არ დააყოვნა!

2-3 დღის შემდეგ ვერიკომ აითვისა ახალი ქცევა და მადლობის თქმის შეხსენება უკვე აღარ სჭირდებოდა! კიდევ რამდენიმე დღე დაგვჭირდა, რომ ვერიკოში ეს ქცევა კარგად დაფიქსირებულიყო.

ახალმა ქცევამ ბავშვის ქვეცნობიერში სრულიად ბუნებრივად შეაღწია: ეს კოპირებითა და მიბაძვით მოხდა, რასაც ბავშვები საკუთარი მშობლებისგან სწავლობენ.

“ვაჩვევთ პატივისცემას: სწრაფად, საიმედოდ და სიცოცხლის ბოლომდე!”

როგორ? პირველი ნაბიჯი უკვე აშკარაა: პატივი ეცით თქვენს პატარას. მოექეცით როგორც თანასწორს, მოისმინეთ მისი აზრები და სურვილები. ყური უგდეთ სინამდვილეში და არა მოჩვენებითად. ბავშვები ყოველთვის გრძნობენ ნამდვილ და ყალბ დამოკიდებულებას.

უხეშობისგან თავი შეიკავეთ. ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მიმართვის ფორმები საერთოდ ამოიღეთ ლექსიკონიდან.

“ვასწავლოთ თავაზიანობა”

წინა მაგალითის ანალოგიურად აქაც ყველაფერი მარტივადაა. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვს სხვადასხვა სიტუაციებში თავაზიანობის ელემენტები დავანახოთ. მადლობას ვუხდით, თავაზიანად მივმართავთ და სხვა.

რაც მთავარია, გამოავლინეთ მოთმინების უნარი, შედეგი მაშინვე ვერ მიიღწევა, ამას გარკეული დრო და დიდი შრომა სჭირდება.

“მივაჩვიოთ ბავშვი ჭამის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვას”

ეს ისე უნდა გავითამაშოთ, რომ ბავშვმა ჭურჭლის რეცხვისგან ნამდვილად მიიღოს სიამოვნება. როგორ მოვახერხოთ ეს? ამისათვის მრავალი ვარიანტი არსებობს.

დაიმახსოვრეთ-დაშანტაჟება ისეთი ფორმით, როგორიცაა,“ჭურჭელს არ გარეცხავ, არ მიიღებ...”, “რადგან ჭურჭელი არ გარეცხე, დაისჯები და ვერ...” ასეთი დამოკიდებულება ბავშვში ჭურჭლის რეცხვისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას შექმნის.

“ვაჩვევთ წესრიგისადმი სიყვარულს.”

მაშ ასე, დაბრალება და დასჯა-ცუდი მეთოდებია, რათა ბავშვის ქვეცნობიერში წესრიგის დამყარებისადმი და სასიამოვნო ემოციებისადმი ერთგვარი კავშირი დამყარდეს.

რა კავშირსაც დაამყარებთ, ის ბავშვის ცხოვრებაში იქნება ასახული. თუ დალაგება ნეგატიურ განცდებთან არის დაკავშირებული, მაშინ ბავშვის მხრიდან ინიციატივის გამოვლინებას ნუ ველოდებით. ყველა ჩვენგანს სურს, რომ უარყოფითი ემოციები თავიდან ავირიდოთ და ეს სრულიად ბუნებრივია.

ამიტომაც ჩვენი ამოცანაა, რომ დალაგების ირგვლივ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოციები დაგროვდეს.  ეს შეიძლება იყოს შეჯიბრი მუსიკის თანმხლებით და სხვა.

ნუ შეეცდებით მოისყიდოთ ბავშვი. თქვენი ამოცანაა ჯილდოდ თავად დალაგების პროცესი და არა მისი საბოლოო შედეგი გახადოთ.

“შევაყვაროთ სწავლის პროცესი”

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ - ყველაზე კარგად პოზიტიური განცდები მოქმედებს. ამისთვის საჭიროა, რომ ბავშვში ისეთი ემოციები აღვძრათ, როგორიცაა: ინტერესი, ჩართულობა, ცნობისმოყვარეობა და სიხარული.

თქვენ თავად გაეცანით თემას, რომელიც ბავშვმა უნდა ისწავლოს. გაიგეთ, მის შესახებ თუ იცის რამე, რა დაიმახსოვრა გაკვეთილზე და სხვა.

საუკეთესო საშუალებაა, თუ თემას ბავშვისთვის გასაგებ ფიზიკური სამყაროს კატეგორიებში გადავიტანთ. მაგალითად ახსნის დროს  გამოვიყენოთ ნახატები, კუბიკები და სხვ.

ყველაზე მთავარია, ბავშვს არ დავაძალოთ, მაგრამ გავაკვირვოთ და ჩავრთოთ პროცესებში. ამიტომაც საშინაო დავალებების შესრულების ახალი ფორმები მოიფიქრეთ.

შესაძლებელია, გაიფიქროთ, რომ ბავშვის საკუთარ მაგალითებზე სწავლა  ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რა არის იმაში ცუდი, რომ ბავშვთან სწორად და პოზიტიურად ვიქცევით? ეს ხომ თქვენზეც დადებითად აისახება.

ბავშვები მშობლების ქცევებს საკმაოდ სწრაფად, სარკისებურად ირეკლავენ. პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, რომ ბაშვს დადებითი მაგალითები დავანახოთ, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.

“დასკვნა”

მთლიანობაში ჩვენ სამი რამ უნდა დავიმახსოვროთ:

1. რას ვასწავლით ბავშვს საკუთარი ქცევითა და დამოკიდებულებით?

2. რა ემოციებს   აღვძრავთ ბავშვში, როცა მასთან ასე ვიქცევით?

3. ჩვენმა კონკრეტულმა ქმედებამ ბავშვში რა ემოციები უნდა გააძლიეროს?

ახლა უკვე ნამდვილად მზად ხართ, რომ ახალი მეთოდები პრაქტიკაში განახორციელოთ! გისურვებთ წარამატებებს აღზრდის არც თუ ისე მარტივ საქმეში. იმოქმედეთ, ეცადეთ და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!


თარგმინილია 
STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო 

“განტევების ვაცი”, “კონკია”, “ოჯახის კერპი” და ბავშვების სხვა როლები

image

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

image

კონტაქტური ზოოპარკი “ფაუნალენდი” აჭამე და მოეფერე!

image

ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

image

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

image

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

image