პროექტის შესახებ

ძვირფასო მეგობრებო, თქვენს წინაშე წარმოდგენილი პროექტი თითქმის 2 წლიანი ძალიან დიდი შრომის შედეგია, რომლის დასრულებაც მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც გადაცემების შესაქმნელად საჭირო ბევრი ფუნქცია მე საკუთარ თავზე ავიღე. ამან პროექტის საერთო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეამცირა და რამდენიმე არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად (იხილეთ გუნდი) პროექტი უკვე საკუთარი ხარჯებით გავაკეთე.  ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომლის გამოც  „ცოდნის მხიარული სამყაროს“ შექმნის იდეაც დამებადა, ამ პროექტის შექმნაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო, მე ვგულისხმობ ჩემს  შვილს ირაკლის,  საიტზე წარმოდგენილი ონლაინ–თამაშები:  „სიტყვების ლაბირინთი“  და „გააფერადე“  სწორედ მან გააკეთა. ალბათ, 9 წლის ბავშვისგან ეს არც თუ ისეთი ცუდი განაცხადია.

იმედი მაქვს, რომ „ცოდნის მხიარული სამყაროს“ დახმარებით თქვენი ბავშვებისთვის ქართული ენა გაცილებით უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.  ყოველ ასო–ბგერაზე ხომ სიმღერა დაიწერა და ანიმაცია გაკეთდა! ამავე დროს, გადაცემის წამყვანების დამსახურებით თქვენი პატარები იმ ქართული სიყვარულის მუხტს მიიღებენ, რომელიც დღეს საკმაოდ დიდ დეფიციტს წარმოადგენს.

დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ახლა, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული გვჭირდება, რათა მსოფლიოს უზარმაზარ წიაღში ჩვენი მცირერიცხოვანი ერი არ გაუჩინარდეს.
ჩემი საბოლოო მიზანია, რომ ამ პროექტის დახმარებით ჩვენი პატარების სულიერი და ინტელქტუალურ განვითარება კიდევ უფრო ამაღლდეს. სამშობლოს სიყვარულის გარდა, ბავშვებმა, მინდა, გააცნობიერონ, რომ ცოდნა მათი ხვალინდელი წარმატებული ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. 

ახლა მცირე ისტორია...
ჯერ კიდევ შორეულ 2007 წელს, როცა ჩემი უფროსი შვილები 12 და 9 წლისანი იყვნენ, მე დავინახე, რომ ისინი რაღაც ონლაინ თამაშებს თამაშობდნენ.  თამაშები ისეთი დონის იყო, რომ საუკეთესო შემთხვევაში მათ უბრალოდ დროს დააკარგვინებდა. როდესაც ინტერნეტში დავიწყე ძებნა, ქართული შემეცნებითი თამაშები ფიზიკურად ვერ ვნახე. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ შექმნილიყო თამაშები, რომლებიც გართობასთან ერთად ბავშვს საჭირო ცოდნასაც მისცემდა. ასე დაიბადა პროექტი „თამაში ვიქტორინა“, რომელიც ცნობილ ზღაპრის გმირებზე შექმნილ ახალ ისტორიებს გახმოვანებული კომიქსების სახით წარმოადგენდა. ყოველი ისტორიის  დასრულება ბავშვს თავად შეეძლო, რისთვისაც შემეცნებითი ფლეშ–თამაშები უნდა აერჩია და სკოლის პროგრამიდან შერჩეული კითხვებისთვის გაეცა პასუხები. მინდა გავიხსენო შესანიშნავი მხატვარ–მულტიპლიკატორი ზურაბ მარხვაშვილი, ვისთან ერთადაც ეს პროექტი განხორციელდა. პროექტი „თამაში ვიქტორინა“ განთავსდა საიტზე codna.ge და მან იმავე წელს ჩატარებულ ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში 
„საბავშვო რესურსები“.

ახლაც და მაშინაც  მე ვაცნობიერებდი, რომ ასეთი ტიპის პროექტის განხორციელებას, რომელიც ბავშვის ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზეა ორიენტირებული ძალიან ფაქიზი და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა. ამიტომაც კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნიე, რომ პროექტს კომერციული სახე მიეღო და მასში სარეკლამო ელემენტები  გამოყენებულიყო. მაშინ ისმის კითხვა, რა რესურსებით უნდა განხორციელებულიყო და განვითარებულიყო ასეთი ტიპის პროექტი?  „თამაში ვიქტორინის“  გარდა მე შემეცნებითი თამაშების ბევრი სხვა იდეაც მქონდა.   პასუხი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაში მოვძებნე. რათა საბავშვო „არაფორმალური განათლება“ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულიყო და ბავშვებისთვის შემეცნებით–გასართობი პროექტების შექმნა სახელმწიფო უწყებების დახმარებით მომხდარიყო. აქ კიდევ ერთი ნიუანსი იყო გასათვალისწინებული, ჩემი აზრით, დღეს ჩვენი განათლების სისტემა ძალიან შორს დგას იდეალურისგან და ის თანამედროვე გამოწვევებს ნამდვილად ვერ პასუხობს, ხოლო საბავშვო „არაფორმალური განათლება“ ამ პრობლემის ნაწილობრივად გადაწყვეტას დაეხმარებოდა.  არაერთი შეხვედრის მიუხედავად,  საქართველოს პარლამენტი, განათლების სამინისტრო, თბილისის მერია პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო:  „თქვენი პროექტი და იდეები არაჩვეულიბრივია, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ამგვარი პროექტების დაფინანსებას არ მოიაზრებს“.   ამ დროისათვის მე უკვე შექმნილი მქონდა 35 ისტორია და თამაში.  სამწუხაროდ „flash“-ის პროგრამით შექმნილი პროექტების ნახვა დღეს უკვე შეუძლებელია. იმ პერიოდში აგრეთვე  გაკეთდა 5 გახმოვანებული ზღაპარი, ისინი საიტზეა წარმოდგენილი იხილეთ ბმული.  რაღაც პერიოდი კიდევ მქონდა მცდელობები, მაგრამ ისევ უშედეგოდ და იმედგაცრუებულმა ამ საქმეს საერთოდ თავი დავანებე. 


ცოდნის მხიარული სამყარო
2018 წელს, როცა ჩემი უმცროსი შვილი, ირაკლი 4 წლის იყო, დავინახე, რომ სხვადასხვა შემეცნებითი ანიმაცია, სიმღერა თუ გადაცემა მის განვითარებაზე ძალიან პოზიტიურად მოქმდებდა, მხოლოდ ეს უცხოენოვან რესურსს წარმოადგენდა და ქართულთან დაკავშირებით იგივე პრობლემა იდგა–ის ფაქტობრივად არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ 11 წლის განმავლობაში რაიმე ფასეული არც არაფერი შექმნილა და სწორედ მაშინ გაბრაზებულმა ჩემს თავს ვუთხარი, რომ „შენ ამ საქმეს ისევ უნდა დაუბრუნდე“.  ასე დაიბადა ახალი პროექტის შექმნის იდეა, რომელსაც სახელად „ცოდნის მხიარული სამყარო“ დავარქვი.  ამ პროექტში მინდოდა, რომ ბავშვებს საჭირო ცოდნა სიმღერებით, ანიმაციებითა და ონლაინ–თამაშებით მიეღოთ. ასევე მსურდა, რომ პროექტს გადაცემის ფორმატი ჰქონოდა, სადაც წამყვანი და ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟები პატარებს სახალისო ფორმით საჭირო ინფორმაციას მიაწოდებენ.

პროექტის განხორციელება
პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ პროექტი ანბანის შესწავლით დამეწყო. ქართული ანბანის ყოველ ასოზე სიმღერა დავწერე და გადაცემის პერსონაჟებიც მხიარული ბეჰემოტები ბეგო და ბეგი მოვიფიქრე. მათი ვიზუალური მხარე ცნობილმა მხატვარმა და ჩვენი გუნდის წევრმა ზალიკო სულაკაურმა შექმნა და თბილისის თოჯინების თეატრში მათი თოჯინებიც დაგვიმზადეს.  პროექტის მთავარი სიმღერაც შეიქმნა. ყველა სიმღერის არანჟირებას ცნობილი მუსიკოსი და ჩვენი გუნდის წევრი გია მაჭარაშვილი ახდენს. პროექტის იგვლივ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაერთიანდა და  გადაცემის პირველი ვარიანტიც ჩავწერეთ.  

პროექტის განხორციელება სპეციალურ გადასაღებ ადგილს,  გადასაღებად საჭირო აპარატურის ქირაობას, ანიმაციების შესაქმნელად საკმაოდ დიდ რესურსებსა და დროს მოითხოვდა, ხოლო ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და ჩანდა, რომ ამ პროექტსაც განხორციელება არ ეწერა.  მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი...

პროექტის ახალი ვარიანტი
იმისთვის, რომ პროექტი საკუთარი ძალებით გამეკეთებინა, საჭირო იყო ხარჯები მნიშვნელოვნად შემემცირებინა.  რისთვისაც გადავწყვიტე, რომ საკუთარი 11 კვადრატული ოფისი სტუდიად გადამეკეთებინა. ეს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის ირაკლი ზიბზიბაძის (ზიბოს) დახმარებით შევძელი. ამავე დროს, მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა შემომთავაზა იდეა, რომ ანიმაციები განსხვავებული ფორმით შეგვექმნა, რაც გაცილებით ნაკლებ დროსა და ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა და ბოლოს, პროექტში ოპერატორობა, ხმის ჩაწერა, მონტაჟი და ბეგოს მეთოჯინეობაც ჩემს თავზე ავიღე. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, რომ ეს პროექტი საბოლოოდ განხორციელებულიყო.

მადლობა
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რამდენიმე ქართველ ემიგრანტს, რომლებმაც პროექტის ძველი ვერსიის სამი გადაცემის შექმნისთვის ფინანსური დახმარება გამიწიეს.  
(იხილეთ ქართველი ემგრანტები),

დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ პროექტს დახმარება გაუწია: მუსიკოსი–ირაკლი ზიბზიბაძე (ზიბო),  პედაგოგები: ნინო გორდელაძე,  ანი კუდუხაშვილი,  ნინო ბურდული, თათუკა ლომაძე  და თიკო სოზიაშვილი.  მსახიობი– გიორგი მეძმარიაშვილი,  პროგრამისტები: ოვანეს ცაცურიანი და ზაზა ოზიაშვილი.

პროექტის ავტორი და ორგანიზაცია "საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის" დამფუძნებელი – ვახტანგ ჯინჯიხაძე